პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუ

ფოტო: Joe Pugliese / Associated Press

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინტერვიუს ოპრასთან ბევრი ელოდა, თუმცა ცოტას თუ ეგონა, რომ ის ამდენად შოკისმომგვრელი იქნებოდა. ინტერვიუს გამოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კი, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას სიტყვებს კვლავ განიხილავენ.

ინტერვიუს დროს მეგანმა თქვა, რომ მას პირველი ორსულობისას მარტოობისა და წნეხის გამო სუიციდური აზრები ჰქონდა. მისი თქმით, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის საშუალება არ მისცეს და როცა დახმარება ითხოვა, უარი მიიღო, რადგან საკუთარი ხელფასი არ ჰქონდა. მან სამეფო ოჯახის წევრები, დასახელების გარეშე, რასიზმშიც დაადანაშაულა, როდესაც თქვა, რომ პირველი შვილის კანის ფერს მის დაბადებამდე განიხილავდნენ და მისთვის ტიტულისა და დაცვის ჩამორთმევა ამასთან იყო დაკავშირებული.

მოგვიანებით, სამეფო ოჯახმა შეძრწუნება გამოთქვა იმ რთული წლების გამო, რომელიც ჰარისა და მეგანს ჰქონდათ. რაც შეეხება რასიზმს, უინძორები ამბობენ, რომ ამას დახურულ კარს მიღმა განიხილავენ.

დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ AstraZeneca-ს გამოყენება ორი კვირით შეაჩერეს

ფოტო: Reuters

დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში ზოგიერთ აცრილს თრომბოემბოლია განუვითარდა და ერთ-ერთი გარდაიცვალა.

დანიის ჯანდაცვის სააგენტო გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის.

AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მომდევნო დასკვნამდე შეიზღუდება, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ორ კვირაში იქნება ცნობილი. შესაბამისად, საგანგაშო არაფერია.

დანიის მსგავსად, იგივე გადაწყვეტილება მიიღო ისლანდიამ და ნორვეგიამაც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე განაცხადა, რომ ქვეყნებმა AstraZeneca-ს გამოყენება არ უნდა შეწყვიტონ, რადგან არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს ვაქცინა თრომბოემბოლიას იწვევს.

ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი საბოლოოდ გადააყენა

ფოტო: სომხეთის მთავრობა

სომხეთში პოლიტიკურ მხარეებს შორის უკმაყოფილება კვლავ მზარდია. ამის ფონზე პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფრო საბოლოოდ გაათავისუფლა.

არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრეზიდენტი ონიკ გასპარიანის გადაყენებაზე უარს აცხადებდა. როგორც პრემიერის აპარატი განმარტავს, იმის გამო, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა გენშტაბის უფროსის გადაყენებაზე და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, გასპარიანი გათავისუფლებულად მიიჩნევა. ამავე დროს, პრეზიდენტი არმენ სარქისიანი უარს აცხადებს, გენშტაბის უფროსად ფაშინიანის მიერ წარდგენილი კანდიდატურა — არტაკ დავტანიანი დაამტკიცოს.

ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსის გათავისუფლება მას შემდეგ მოითხოვა, რაც ამ უკანასკნელმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პრემიერის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსი, მისმა მოადგილეები და სამ ათეულზე მეტი სამხედრო მეთაური აწერდა, ნათქვამი იყო, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. ეს ყველაფერი ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, რასაც პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა.

რუსეთი ტვიტერის სიჩქარეს ანელებს

ფოტო: Reuters

რუსეთში Twitter-ის სიჩქარეს ანელებენ. როგორც მარეგულირებელი ორგანო როსკომნადზორი ამბობს, კომპანიამ ვერ უზრუნველყო ისეთი ტვიტების წაშლა, რომელიც შეიცავდა სუიციდისკენ მოწოდებას, ნარკოტიკების მოხმარებასა და პორნოგრაფიას.

როსკომნადზორმა ნოუთბუქებსა და კომპიუტერებზე ტრაფიკი 50 პროცენტით, ხოლო ტელეფონებზე 100 პროცენტით შეანელა. Twitter-ში აცხადებენ, რომ მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით ღრმად შეშფოთებულნი არიან.

რუსეთში Twitter პოპულარობით მეექვსე სოციალური ქსელია და მას აქტიურად მოიხმარენ კრემლის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პირები.

აუნ სან სუ ჩის ახალი ბრალდება და მოკლული აქტივისტები

ფოტო: Getty Images

მიანმარში სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება. გაეროს მონაცემებით, პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას ჯამში 70-მდე ადამიანი შეეწირა.

ამავე დროს, სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერს, აუნ სან სუ ჩი 600 000 დოლარისა და ოქროს მითვისების ბრალი წაუყენა. საქმეში მტკიცებულებები ჯერ არ ჩანს.

სამხედრო გადატრიალება მიანმარში პირველ თებერვალს მოხდა. მას შემდეგ სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივები სამხედროების წასვლასა და აუნ სან სუ ჩის გათავისუფლებას მოითხოვენ. თავდაპირველად სამართალდამცავები მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას არ იყენებდნენ, თუმცა მალევე მათ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით კი პოლიციამ დემონსტრანტების ცემა დაიწყო და ცეცხლი გაუხსნა.

პოლონეთში სურთ, ლგბტ თემის წარმომადგენლებს შვილის აყვანა საბოლოოდ შეუზღუდონ

ფოტო: Getty Images

პოლონეთის იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ლესბოსელებს, ბისექსუალებს, გეებსა და ტრანსგენდერებს შვილის აყვანის საბოლოო შანსს წაართმევს. ქვეყანაში უკვე აკრძალულია გეი წყვილებისთვის შვილის აყვანა, თუმცა კანონისთვის გვერდის ავლა იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ განაცხადს ერთი მომავალი მშობელი შეიტანს.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შეზღუდვის მიზანი ბავშვების უსაფრთხოება და კეთილდღეობაა, თუმცა ამ განმარტებას ლგბტ აქტივისტები არ ეთანხმებიან.

"ძალიან ბოროტი ადამიანი უნდა იყო, რომ ბავშვებს სახლზე უარი უთხრა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ჰომოსექსუალ თუ ჰეტეროსექსუალ წყვილებში იქნება", — ამბობს აქტივისტი ბარტოშ სტაშევსკი.

პოლონეთის მმართველი პარტია უკვე დიდი ხანია კონსერვატიულ და ნაციონალისტურ რიტორიკას მიჰყვება და "ლგბტ იდეოლოგიას" ებრძვის.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახი მინეაპოლისის ხელისუფლებისგან $27 მილიონს მიიღებს

ფოტო: Christine T Nguyen / AP

ქალაქ მინეაპოლისის ხელისუფლება გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს წინასასამართლო პერიოდში 27 მილიონის გადახდასა და სამოქალაქო დავის შეჩერებაზე შეუთანხმდა. ეს თანხა მინესოტას შტატისთვის რეკორდულია.

ჯორჯ ფლოიდის ოჯახს მიაჩნია, რომ ქალაქმა გულგრილობა გამოიჩინა პოლიციელების მომზადებისას და არ ათავისუფლებდა მათ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევდა.

ჯორჯ ფლოიდი გასული წლის მაისში დაკავებისას დაიღუპა. პოლიციელმა მას კისერზე მუხლი დაადო და თითქმის 9 წუთის განმავლობაში უჭერდა. ამ დროს ფლოიდი გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მას არავინ მოუსმინა. მიწაზე დაგდებულმა ფლოიდმა გონება დაკარგა და დაიღუპა.

აფროამერიკელის მიმართ პოლიციელების მხრიდან გამოჩენილ გულგრილობას, აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ აქციების დიდი ტალღა მოყვა. სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლებას სისტემურ რასიზმში ადანაშაულებდნენ.

პარალელურად სასამართლოში ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს. მას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ედება ბრალი. 12 ნაფიცი მსაჯულიდან 6 უკვე არჩეულია, ხოლო პროცესი 29 მარტს დაიწყება.