ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, დოკუმენტში, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე განიხილებოდა, იყო საუბარი ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე, არჩევნების 2024 წელს ჩატარებაზე, 5 კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნასა და საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობაზე. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"გუშინ ჩამოარიგეს დოკუმენტი, რომელიც იწყებოდა პრეამბულით, რომ ჩვენ შევდივართ პარლამენტში და ველოდებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. პირდაპირ ეწერა პრეამბულაში. ბოლოში ეწერა მთლად საოცარი ამბავი, პოსტ სკრიპტუმ, ყველა ადამიანები ვართ და თვალი გაიქცა იქით, ხომ? რომ 5 კომიტეტის თავმჯდომარე იქნება ოპოზიციის, როცა პარლამენტში შევალთ, ორი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, მათ შორის, ერთი ევროკავშირში და ამათი არასახელმწიფოებრივი ფსიქიკა ნახეთ, ამაზეც აწუწუნდა თალაკვაძე, 5 კომიტეტის თავმჯდომარე როგორ გადავაყენოო, რა ვუთრა იმათ, რატო ვყრიო", — განაცხადა ნათელაშვილმა.

დანიელსონთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები 14 მარტს უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტი ერთი დღით გადადო.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: