ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, იგი ბრიუსელში 19 მარტს დაბრუნდება და მოლაპარალებების შესახებ დეტალებს შარლ მიშელს მოახსენებს. ამის შესახებ მან ოპოზიციასა და ქართულ ოცნებასთან თითქმის 10-საათიანი შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე იყო საკითხები, რაზეც პროგრესი შეინიშნებოდა, თუმცა ნაწილზე საკითხებისა შეთანხმება ვერ შედგა.

დანიელსონი საქართველოს 14 მარტს ტოვებდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, თუმცა უფრო მეტი ხნით დარჩა. მოლაპარაკებების პარალელურად, პრემიერმინისტრი ბელგიაში შეხვედრებს მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც, ასევე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილებოდა.

დანიელსონი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: