საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იგი მზადაა, რომ საჯაროდ აიცრას და მათ შორის, გაიკეთოს AstraZeneca-ს ვაქცინა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ყველა საჯაროდ ავიცრათ და ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა სტრატეგია, რომ სხვადასხვა ვაქცინით მომხდარიყო ჩვენი აცრა. გადაწყვეტილი იყო, რომ მე ავცრილიყავი ჩინური ვაქცინით, თუმცა დღეს მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმაზე, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, ვინაიდან, ის, რაც იყო დაგეგმილი, შეიძლება დღეს არ იყოს საკმარისი, რომ მოქალაქეები დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ასევე, გარკვეული ფორმატი შეიძლება იყოს შეცვლილი და ამაზე ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას", — თქვა ტიკარაძემ.

ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული შიშების გამო შეაჩერა.

სამედიცინო რეგულატორმა დაასკვნა, რომ ვაქცინა არაა დაკავშირებული თრომბის რისკების მომატებასთან, თუმცა განაცხადეს, რომ მსგავსი კავშირების შესახებ მოკვლევა კვლავ გაგრძელდება.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოუწოდა ქვეყნებს, არ შეეწყვიტათ AstraZeneca-თი ვაქცინაცია და დაადასტურა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს არ იწვევს. AstraZeneca-ს განცხადებაში კი, 17 მილიონი ადამიანის მონაცემებზე დაყრნობით, ნათქვამია, რომ არ დასტურდება ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა თუ თრომბოციტოფენიის კავშირი ამ ვაქცინასთან, არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება არ შეჩერდება. პრეპარატის გამოყენების შესაძლო შეჩერებაზე საუბარი დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ვაქცინირებულ ექთანს, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა.

18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და NCDC-ის დირექტორმა აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს იყოს ვაქცინის გვერდითი ეფექტი, თუმცა ამის დასადგენად მიმდინარეობს კვლევა. მათივე თქმით, ექსპერტები იმსჯელებენ და შესაძლოა, რომ ასტრაზენეკათი ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს.

გაბუნიამ აღიშნა ისიც, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას მსგავსი გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. მანვე აღნიშნა, რომ ვაქცინის რისკი მის სარგებელთან შედარებით ყოველთვის ნაკლებია.

ამავე თემაზე: