საქართველოში აშშ-ს საელჩოში აცხადებენ, რომ დათა ვანიშვილის სიმტკიცე, რომელიც მან რუსული ოკუპაციის პირისპირ გამოიჩინა, შთაგონების წყაროდ დარჩება სანამ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

ვანიშვილის სახლის კადრს, რომლის წინ, საოკუპაციო მავთულხლართებზე სამგლოვიარო ყვავილებია დამაგრებული საელჩო საკუთარ ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

დათა ვანიშვილი ოკუპირებულ ხურვალეთში დღეს დაკრძალეს. როგორც მისი ცხოვრების ბოლო წლები, გასვენების პროცესიაც მავთულხლართებით იყო გაყოფილი. საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს პაპას გარდაცვალებას გლოვობდნენ. გამოსამშვიდობებლად მისულმა ნათესავებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და აქტივისტებმა ის საქართველოს ჰიმნით გააცილეს.

მოქალაქეები დათა პაპასთან გამოსამშვიდობებლად ხურვალეთში გუშინაც ჩავიდნენ. ისინი სამგლოვიარო თაიგულებს მავთულხლართებიდან აწვდიან დათა პაპას ოჯახის წევრებს და ამ ფორმით უცხადებენ სამძიმარს დათა პაპას ცოლს, ვალია ვანიშვილს.

დათა ვანიშვილი 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ფილტვების ანთება ჰქონდა. მისი მდგომარეობა გასული წლის დეკემბერში დამძიმდა. დათა პაპას ცოლი, ვალია ვანიშვილი მაშინ ამერიკის ხმასთან სატელეფონო საუბარში ამბობდა, რომ მათთან რამდენჯერმე იყვნენ ექიმები ცხინვალიდან და ნემსი გაუკეთეს. დათა ვანიშვილის საქართველს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა ვერ მოხერხდა.

დათა ვანიშვილი სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზს იქეთ ცხოვრობდა. იგი არ აღიარებდა დე ფაქტო რესპუბლიკას და აცხადებდა, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი დათმოს. ის საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებსა თუ ვიზიტორებს მავთულხლართებიდან ეკონტაქტებოდა, რის გამოც ოკუპანტებმა არაერთხელ დააკავეს.

ნახეთ ვიდეო On.ge-ს არქივიდან:

გაიგეთ მეტი: