ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის ვაქცინის დოზები 3 დიდ ქალაქში — თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გადანაწილდება. მისი თქმით, მოქალაქეები ჯამში 6 კლინიკაში შეძლებენ Pfizer-ის გაკეთებას.

"ვაქცინა გადანაწილებული იქნება 3 დიდ ქალაქში, 6 კლინიკაში. 1 კლინიკა ბათუმში, 1 ქუთაისში და 4 — თბილისში. თბილისის კლინიკებია: ბოკერიას კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, ამტელის კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი. ბათუმში — რესუბლიკური საავადმყოფო, ხოლო ქუთაისში — ცხაკაიას სახელობის ევექსის კლინიკა", — თქვა მან.

ტიკარაძის განცხადებით, Pfizer-ის 29 500 დოზას 14 ათასი ადამიანისთვის გამოიყენებენ და დოზები გაიყოფა.

"გამომდინარე იქედან, რომ Pfizer-ით ვაქცინაციის პერიოდი განსაზღვრული არის პირველი ვაქცინის შემდეგ, 3-დან 4 კვირაში მეორე დოზის გაკეთება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დოზების გაყოფა მოხდება და არ მოხდება, როგორც AstraZeneca-ს შემთხვევაში, მეორე ნაკადზე დალოდება, შესაბამისად, რისკი არ შეექმნება ჩვენს მოქალაქეებს ამით", — თქვა მან.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საღამოდან პორტალზე Pfizer-ის ვაქცინით აცრაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელი იქნება. ამიერიდან მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ორი, AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანის გაკეთებით შეეძლებათ.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეებიც 25 მარტიდან ჩაერთვებიან.

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ კი არ გამორცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს — 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ.