შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც ჩაერთვება. ამაზე მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"საქართველოში მიმდინარე კოვიდ საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში ჩართვის საშუალება ეძლევათ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ სამედიცინო სფეროს და შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, რომელთაც შეეძლებათ ვაქცინაცია ჩაიტარონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამ პროცესთან დაკავშირებული პროცედურები და სქემა სხვა შესბამის უწყებებთან თანამშრომლობით მჭიდროდ განსაზღვრულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც კომპეტენციის შესაბამისად გაავრცელებს ამ ინფორმაციას.

მინდა აღვნიშნო, რომ საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიის მართვის პროცესში შესაბამისი რეგულაციების დაწესებაზე თუ გაუქმებაზე ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და პრაგმატულად იღებს გადაწყვეტილებებს. სწორედ ამ მიდგომით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობს ოკუპირებულ რეგიონებთან დაწესებულ დროებით ზომებთან მიმართებაში", — თქვა მან.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, იმისთვის, რომ ყველა პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან გამარტივებული იყოს, მათთვის რეგისტრაციის მოდული სავალდებულო არ იქნება.

"მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც ისინი შეძლებენ ვაქცინაციის მიღებას. მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო, ვინაიდან ჩვენ მივიჩნევთ, რომ გამარტივებული უნდა იყოს ყველა ის პროცედურა, რომელსაც ეს ადამიანები გაივლიან.

სექმა დამატებითი, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით, იქნება იგივე, რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებისთვის გვაქვს საქართველოს ტერიტორიაზე. ყველა ექიმი და ის რისკჯგუფი, რომელიც განსაღვრულია კოვიდვაქცინაციის საბჭოს მხრიდან, მათი ვაქცინაციაც წარიმართება იგივე სექმით", — თქვა მან.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ვაქცინის არჩევაში შეზღუდულები არ იქნებიან.

Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში 25 მარტს გამთენიისას ჩამოიტანეს. ამიერიდან, მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ორი, AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის არჩევანის გაკეთებით შეეძლებათ.

საქართველოში მედპერსონალის ვაქცინაცია AstraZeneca-ს ვაქცინით 15 მარტიდან დაიწყო, ხოლო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზევით მოქალაქეები 25 მარტიდან ჩაერთნენ..

მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ კი არ გამორცხავს, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ახალ ჯგუფს — 55 წლის ზევით ასაკის მოქალაქეებსაც მისცენ.