საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არ ეყო "არც გონიერება და არც გამბედაობა, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე" და შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოეწერათ.

"რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნა შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, მაინც უნდა გამოვიტანოთ ამ პროცესიდან. კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმემტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც კი არ ყოფილა. ეს ბუნებრივია, ვინაიდან, ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება და მსოფლიო აღიარებს არჩევნებს და მის შედეგებს, შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია ვხედავთ, რომ არ ცდილობს გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, მაგრამ გაუგებარი გათვლებით შევიდა. მინდა, ასევე, აღვნიშნო, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებს და ხელი მოეწერათ დოკუმენტს. და დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე", — თქვა მან.

ქართული ოცნება და ოპოზიცია ისევ ვერ შეთანხმდნენ. მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს, რომ იყო საკითხები, რაზეც თანხმდებოდნენ, მაგრამ ნაწილზე — ვერა. მაგალითად, ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთან დაკავშირებით შემოთავაზებული იქნა გადაწყვეტილება, რომელიც სრულად პასუხობდა პრობლემის გადაჭრას, თუმცა ეს არ განმეორდა გიორგი რურუას შემთხვევაში.

დანიელსონი მხარეებთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა თუმცა შეხვედრის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ამასთან, შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ არ გაავრცელეს არც ფოტოები და არც ვიდეო. მიშელის წარმომადგენელი საქართველოში მეორედ 27 მარტს ჩამოვიდა. ის 28 მარტს საქართველოში ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო 29 მარტს პოლიტიკურ პარტიებს ინდივიდუალურ ფორმატში შეხვდა.

დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს, 18 მარტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა 10 საათი გრძელდებოდა.

შვედი დიპლომატი საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით მიშელის გადაწყვეტილებით ჩამოვიდა. შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.