პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის მოთხოვნებს ახირებას უწოდებს და ამბობს, რომ მთავრობას არ აქვს მათთან მოსალაპარაკებლად დასაკარგი დრო.

"დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ რეალურ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას აწუხებს.

ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებული, მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში. ეს იქნება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვექნება დრო დასაკარგი ამ უშინაარსო და აბსოლუტურად არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ ოპოზიციას არ ეყო "არც გონიერება და არც გამბედაობა, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე" და შეთანხმების დოკუმენტზე ხელი მოეწერათ.

ქართულ ოცნება და ოპოზიცია ევროკავშირის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდზეც ვერ შეთანხმდა. მედიატორის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელი არცერთმა მხარემ არ მოაწერა.

გაიგეთ მეტი: