ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება 23-25 აპრილს კოსმოლოგიის და მაღალი ენერგიების ფიზიკის თემებზე სიმპოზიუმს "ვარსკვლავური" მოხსენებებით გამართავს. საუბარი იქნება ფიზიკის იმ დარგზე და ისეთ საკითხებზე, რომელთა მიმართ გულგრილი თითქმის არავინაა.

ცხადია, ფიზიკა მრავლისმომცველი და ფართო სფეროა, თუმცა მისი ზოგი განშტოებები განსაკუთრებული პოპულარობით გამოირჩევა, მაგალითად კოსმოლოგია. კოსმოსის კვლევა რაღაც გაგებით ძალიან რომანტიკული საქმეა: უკიდეგანო წყვდიადში ჩვენი ადგილის გააზრება და ამ წყვდიადის მამოძრავებელი მექანიზმის აღწერა, ნამდვილად შთამბეჭდავია. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ რამხელა პროგრესი ვიხილეთ ბოლო ათწლეულებში.

მომავალ სიმპოზიუმზე ჩვენ მის ორგანიზატორებს, გუგა გოგიას და ზარა ბაღდასარიანს ვესაუბრეთ.

რატომ მაღალი ენერგიების ფიზიკა

"ძალიან შესამჩნევია, რომ მაღალი ენერგიების ფიზიკის დარგში უამრავი ქართველი ფიზიკოსი მუშაობს", — ამბობს ზარა, "ნაწილობრივ იმიტომ, რომ თავის დროზე საქართველოში ამ მხრივ ძალიან ძლიერი ფიზიკის სკოლა იყო და მკვლევრების გავლენა მათ სტუდენტებზეც გავრცელდა".

ყველაზე ცნობილი ქართველი ფიზიკოსი, გია დვალი, რომლებიც წლებია ქართულ აუდიტორიასთან თავის კვლევებზე და კოსმოლოგიის საკითხებზე საუბრობს, ამ სიმპოზიუმზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება. ის ბნელი ენერგიის ბუნებაზე ისაუბრებს.

ბნელი ენერგია ძალიან უცნაური რამაა, მისი არსებობის საბუთი მეცნიერებმა მაშინ იპოვეს, როცა ერთ-ერთ სუპერნოვას აკვირდებოდნენ. გაირკვა, რომ სამყაროს გაფართოება მუდმივი კი არაა, არამედ აჩქარებულია. ბნელი ენერგია სამყაროს გაფართოებაში და დიდი აფეთქების შემდგომი მოვლენების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა მასზე ძალიან ცოტა რამ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიჩნეულია, რომ ბნელი ენერგია ხილული სამყაროს ენერგიის 69%-ს შეადგენს.

ბნელ ენერგიაზე და ადრეულ სამყაროზე ისაუბრებს ფიზიკოსი დავით ფირცხალავა. ადრეული სამყაროს შესწავლა და ფიზიკის სხვადასხვა დარგების საერთო თეორიულ ჩარჩოში გაერთიანება, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა. მეცნიერები ცდილბოენ "ყველაფრის თეორიის" შექმნას, რომელიც სხვადასხვა ფენომენების გაერთიანებას ისახავს მიზნად, ამ საკითხზე კი ბექა მოდრეკილაძე ისაუბრებს. მოდრეკილაძე კარნეგი მელონის უნივერსიტეტის დოქტორანტია და სამეცნიერო კვლევით შთაგონებულმა, არც ისე დიდი ხნის წინ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში წიგნიც დაწერა.

"მომხსენებლების საკითხები ერთმანეთთან დაკავშირებულია", — ამბობს გუგა გოგია. მომხსენებლები ისაუბრებენ ადრეულ სამყაროზე, ბნელ მატერიაზე, მულტივერსის თეორიაზე და ა.შ. ეს სიმპოზიუმი ნათლად აჩვენებს, რომ მეცნიერების ძალიან სპეციფიური დარგებიც კი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და დარგებს შორის ინფორმაციის მიმოცვლა.

პირველი რამაც დამაინტერესა, ეს "მეხუთე ძალის" ფენომენი იყო. ცოტა ხნის წინ, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შესაძლოა სამყაროში არსებობდეს მეხუთე ფუნდამენტური ძალა. აქამდე მხოლოდ გრავიტაციული, ელექტრომაგნიტური, ძლიერი და სუსტი ძალების შესახებ ვიცოდით. ბევრი მეცნიერი ვარაუდობს, რომ მეხუთე ფუნდამენტური ძალის არსებობის დასაბუთებამ, შეიძლება "სტანდარტული მოდელი" თავდაყირა დააყენოს.

თუმცა, ზარას თქმით, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან "არსებობს თეორიული კვლევები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ აღნიშნული ფენომენი შეიძლება სტანდარტული მოდელის ფარგლებშიც აიხსნას". ცოტა ფიზიკა თუ იცით, ლორენს კრაუსის ვიდეოების სერიას გირჩევთ, სადაც კრაუსი ახალ აღმოჩენაზე და პოტენციურ "ახალ ფიზიკაზე" საუბრობს.

სტანდარტული მოდელი ნაწილაკთა ფიზიკის თეორიაა, რომელიც 4 ფუნდამენტური ძალიდან სამის აღწერის საშუალებას გვაძლევს, ისევე როგორც ელემენტარული ნაწილაკების კლასიფიკაციის საშუალებას იძლევა.

"სამწუხაროდ სავარაუდო მეხუთე ძალაზე და ახალ მიგნებებზე მოხსენება ამ სიმპოზიუმზე არ გვექნება", — ამბობს ზარა, რადგან აღმოჩენა ძალიან ახალია. მიუხედავად ამისა, მაღალი ენერგიების ფიზიკის ძალიან ფუნდამენტური საკითხები იქნება განხილული.

სამეცნიერო პროცესის მნიშვნელობა

ნილ დეგრას ტაისონი სუპერ-კამიოკანდეს დეტექტორში

ნილ დეგრას ტაისონი სუპერ-კამიოკანდეს დეტექტორში

"ჩვენ მომხსენებლებთან ერთად ვეცადეთ თემატიკა ისე შეგვერჩია და ისე წარგვედგინა, რომ ის მხოლოდ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებისთვის კი არ ყოფილიყო, არამედ ზოგადად ფიზიკის სტუდენტებისთვის გასაგებ ენაზე ყოფილიყო", — ამბობს გუგა გოგია.

სამიზნე აუდიტორია სწორედ ახალგაზრდა ფიზიკოსებია. დროთა განმავლობაში ფიზიკის დარგები ისეთი სპეციფიური გახდა, რომ სხვადასხვა დარგში მომუშავე ფიზიკოსებს ერთმანეთთან "გამარტივებულ" ენაზე უწევთ საუბარი. "გუგას რომ ვკითხო რამე ბიოფიზიკაზე, მას ძალიან გამარტივებულად მოუწევს ჩემთვის რამის ახსნა", — ამბობს ზარა (გუგა ამჟამად ბიოფიზიკის მიმართულებით მუშაობს).

გუგა და ზარა ამბობენ, რომ უშუალო სამეცნიერო თეორიების გარდა, ძალიან სასარგებლოა რომ ახალგაზრდა მეცნიერებს წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ზოგადად თანამედროვე სამეცნიერო პროცესი და სამეცნიერო საზოგადოება. რადგან სამეცნიერო კვლევა, მით უმეტეს ისეთი, რომელიც სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნას ისახავს მიზნად, ძალიან მასშტაბური შეიძლება იყოს.

ზარას თქმით, ნეიტრინოების კვლევა კარგად აჩვენებს, რამხელა მასშტაბის კოლაბორაციული აქტივობაა მეცნიერება.

ძალიან მარტივად რომ ითქვას, ნეიტრინო ფერმიონია, რომელიც ურთიერთქმედებს სუსტი ძალით და გრავიტაციით. მისი მასა იმდენად მცირეა, რომ ადრე მეცნიერები მას 0-ს უტოლებდნენ. არსებული მასის მქონე ელემენტარული ნაწილაკებიდან, ნეიტრინოს ყველაზე დაბალი მასა აქვს. მზის ნეიტრინოები მზეზე მიმავალი ბირთვული პროცესების დროს იბადებიან, როცა ჰელიუმი წარმოიქმნება.

იმის გამო, რომ ნეიტრინო პრაქტიკულად უმასო ელემენტარული ნაწილაკია, მისი მოხელთება ძალიან რთულია. ამიტომ მეცნიერები მთელი მსოფლიოს გარშემო ერთად მუშაობენ, რათა მონაცემები შეაგროვონ და დაამუშავონ. "ასეთი კვლევები მიმდინარეობს უნივერსიტეტების, ხანდახან საერთოდ ქვეყნების თანამშრომლობით", — ამბობს ზარა.

სადღაც დეტექტორზე მუშაობენ, სადღაც სხვაგან დეტექტორის ნაწილებზე, კიდევ სხვაგან მონაცემთა დამუშავებაზე, კიდევ სხვაგან კვლევისთვის საჭირო ალგორითმების შექმნაზე და ა.შ. "საქართველოსაც შეუძლია იყოს ასეთი კოლაბორაციების ნაწილი", — ამბობს ზარა. შეიძლება საქართველომ სუპერ კამიოკანდე (ნეიტრინოების უზარმაზარი დეტექტორი იაპონიაში) ვერასდროს ააშენოს, მაგრამ ქართველ მეცნიერებს უამრავი რამის გაკეთება შეუძლიათ. ზოგ მასშტაბურ კოლაბორაციულ კვლევაში, ხანდახან ათასამდე მეცნიერი მონაწილეობს.

მაგალითად, ქართულ უნივერსიტეტებს და გერმანიის იულიხის კვლევით ცენტრს შორის მუდმივი თანამშრომლობის შედეგად, მეცნიერები იულიხის ამაჩქარებლის მეშვეობით, ფიზიკის საკმაოდ მნიშვნელოვან თეორიას ამოწმებენ. J.E.D.I კოლაბორაცია, ამ თანამშრომლობის შედეგია. ის 2011 წელს იულიხში დაფუძნდა და მასში ქართველი მეცნიერებიც მონაწილეობენ.

გუგას და ზარას თქმით, სიმპოზიუმის "მეორე ნაწილი" სწორედ ამ აკადემიური პროცესების განხილვას დაეთმობა, რომლებიც სტუდენტებს უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის საზღვარგარეთ სწავლის გაგრძლებაზე, ისევე, როგორც სამეცნიერო საქმიანობაზე.

სიმპოზიუმზე რეგისტრაცია შეგიძლიათ აქ. მანამდე კი შეგიძლიათ განრიგს აქვე გაეცნოთ.