პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებული ამნისტია სამართალდამცველებს მხოლოდ დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში შეიძლება შეეხოთ.

"საუბარი დაიწყო სამ პოლიციელზე. ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თუ საუბარი დაიწყება ამ სამი ადამიანის ამნისტირებაზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ეს იყოს სამართლებრივად და მორალურად გამართლებული არის ამ პროცესში შემოვიდნენ დანაშაულით დაზარალებული ადამიანები.

ამ ადამიანებს ჩვენ ვერ მოვეპყრობით როგორც ობიექტებს, ისინი უნდა შემოვიდნენ ამ პროცესში თავისი ღირსებით, უფლებებით და მხოლოდ მათი თანხმობით შეიძლება საუბარი დავიწყოთ ამ ასამი ადამიანის ამნისტირებაზე", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, შეთანხმება ვერ გააუქმებს ქვეყნის უმაღლეს სამართლებრივ დოკუმენტს, კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც რიგ დანაშაულებებზე ამნისტიის გამოცხადება დაუშვებელია.

"ვერანაირი საუბარი ვერ იქნება ამნისტიის ფარგლებში, მთელ რიგ დანაშაულების ამნისტირებაზე რომელიც მიემართება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, არაადამიანური მოპყრობის აკრძალვას და ა.შ რაზეც ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო სამართალიც ნათლად გვეუბნება, რომ ამ უფლებების ხელყოფისთვის ამნისტია არის აკრძალული", — განაცხადა ნაცვლიშვილმა.

20 ივნისის აქციის დროს დაზარალებულებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ "პარტიებს არ გააჩნიათ მორალური და პოლიტიკური უფლება გადაწყვიტონ შეწყდეს თუ არა სამართლებრივი განხილვა".

სამართალდამცველებისთვის ამნისტიის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ განცხადებები გაავრცელეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებათა ცენტრმაც. ისინი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტის დაინიცირებას.

27 აპრილს, სამშაბათს, ოპოზიცია პარლამენტში შევა იმისთვის, რომ ამნისტიის შესახებ კანონი დაარეგისტრიროს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისა და პარტიების ერთობლივი ვახშმის შემდეგ გახდა ცნობილი.