პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეს ჩამოშორდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაცია საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა. მათი ცნობით, სწორედ ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა ორგანიზაცია სისხლის სამართლის საქმეს.

"მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. ჩვენგან რაიმე წინარე პირობა იმისა, რომ ჩაგვეთვალა, ჩვენ შორის თანამშრომლობა შეწყდებოდა არ ყოფილა, თუმცა კონკრეტულ მიზეზზე, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ", — გვითხრა PHR-ის იურისტმა, ანა თავხელიძემ.

პარალელურად, PHR-მა ის დარღვევები გაასაჯაროვა, რომელიც საქმეში მათი ჩართულობის დროს აღმოაჩნიეს და რეაგირება მოახდინეს. კერძოდ:

  • PHR-მა მოითხოვა საქმეს ჩამოშორებოდა პროკურორი, გამომძიებელი და სოციალური მუშაკი, რადგან იურისტების თქმით, მათ შეეძლოთ და არ მიიღეს შესაბამისი სავალდებულო ზომები ნინი ცეცხლაძის დასაცავად. აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქმე ჩამოერთვა ბათუმის რაიონულ პროკურატურას და გადაეცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას;
  • PHR-მა რამდენჯერმე მიმართა გენერალურ პროკურატურას და მოითხოვა პროკურორის, გამომძიებლისა და სოციალური მუშაკის მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყება, თუმცა PHR-ის თქმით, აღნიშნულ მოთხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია;
  • PHR-მა განცხადებით მიმართა საქმისმწარმოებელ პროკურორს და მოითხოვა ნინი ცეცხლაძის მიმართ განხორციელებული ქმედების გაუპატიურებად შეფასება, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება, რომ იყო ფიზიკური ძალის გამოყენება და საქმეშია არასრულწლოვნის ნების დამთრგუნველი არაერთი გარემოება. თუმცა, PHR-ის საქმიდან ჩამოშორების დროისთვის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა არ მომხდარა;
  • PHR-ის განცხადებით, მათი ჩართულობით საქმეში გამოიკვეთა, რომ საჯარო სკოლამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის მიმართ ბულინგის პრევენციისა და საგაკვეთილო პროცესში უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი რეაგირებისთვის;
  • PHR, საქმეში მტკიცებულებების გათვალისწინებით, ითხოვდა ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ვინც რაიმე ფორმით ძალადობა განახორციელა ნინი ცეცხლაძის მიმართ. თუმცა მათი განცხადებით, ამ დრომდე ბრალდებულ პირთა რაოდენობა გაზრდილი არ არის.

PHR-ის შეფასებით პროკურორმა, გამომძიებელმა და სოციალურმა მუშაკმა, ნინი ცეცხლაძის დასაცავად, არ მიიღეს შემდეგი სავალდებულო ზომები. კერძოდ ორგანიზაციის იურისტების განცხადებით:

  • არ მოხდა მტკიცებულებების საწყის ეტაპზევე შეგროვება, მათ შორის, მოწმეების გამოკითხვა, ნინი ცეცხლაძის ტანსაცმლის ამოღება, გამოძიებამ არ დანიშნა ექსპერტიზა ნინი ცეცხლაძის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასების მიზნით;
  • ნინი ცეცხლაძე გამოიკითხა რამდენჯერმე, ბავშვისთვის შეუსაბამო გარემოში, ადვოკატისა და ფსიქოლოგის მონაწილეობის გარეშე;
  • გამოძიებამ არ მიიღო შესაბამისი ზომები ნინი ცეცხლაძის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის დადგენის მიზნით;
  • გამოძიებამ იგნორირება მოახდინა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის, სადაც ექსპერტები ნინი ცეცხლაძის მონათხრობზე დაყრდნობით უთითებდნენ, რომ სექსუალური აქტი განხორციელდა ფიზიკური ძალის გამოყენებით;
  • გამოძიებამ გაუმართლებლად დააყოვნა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება;
  • გამოძიებამ არ უზრუნველყო ნინი ცეცხლაძის დაცვის მიზნით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენება, მათ შორის, შემაკავებელი ორდერის სახით;
  • ნინი ცეცხლაძეს არ მიეწოდა შესაბამისი დამხმარე, სარეაბილიტაციო სერვისები სახელმწიფოსგან და სხვა.

"ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული საქმე ცხადი დასტურია საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის სისუსტის. ის მიუთითებს არსებით, სისტემურ პრობლემებზე, რისი აღმოფხვრაც მხოლოდ სრულყოფილი რეფორმის გზით შეიძლება მოხდეს", — აცხადებენ PHR-ში.

11 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 14 წლის ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. 14 წლის ბავშვმა 10 თებერვალს თავი მოიკლა. საგამოძიებო უწყებამ ბრალდებული მხოლოდ ბავშვის თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

ამავე თემაზე: