პარტნიორის კონტენტი

რატომ ქართული — გაიცანი 5 ახალგაზრდა ქართველი ავტორი კაცი

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება
სტატიას წარმოგიდგენთ

რატომ ქართული?

განახლება: სტატიის თავდაპირველი სათაური იყო "გაიცანი 5 ახალგაზრდა ქართველი ავტორი". სათაური დაზუსტდა შინაარსთან მიმართებით.

თუკი ფიქრობთ, რომ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში აღმოსაჩენი ბევრი არაფერია, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა განკუთვნილი, ამიტომ აუცილებლად განაგრძეთ კითხვა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ქართული გამოცემები თარგმანების სიჭარბით გამოირჩევა, ლიტერატურულ ასპარეზზე ყოველწლიურად გამოდიან ავტორები, რომელთა განსხვავებული ხედვა და სტილი გავლენას ახდენს არა მხოლოდ ლიტერატურულ პარადიგმაზე, არამედ საზოგადოებრივ პროცესებზეც კი.

ახალგაზრდა მწერლები განსხვავდებიან, როგორც წინამორბედებისგან, ასევე ერთმანეთისგან. ამის დამსახურებაა, რომ თანამედროვე ქართულენოვან პროზაში ნებისმიერი ლიტერატურული გემოვნების მქონე მკითხველისთვის გამოიძებნება საინტერესო საკითხავი.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 5 ქართველ ავტორს, რომელთა შემოქმედებამ არცთუ დიდი ხნის წინ იხილა დღის სინათლე, თუმცა, ამ სინათლემ მკითხველში არეკვლა უკვე მოახერხა. ზოგიერთის სახელი, შესაძლოა, თქვენთვის ნაცნობია, თუმცა, პრუსტის კითხვარიდან შერჩეული 3 შეკითხვით მათ უკეთ გაიცნობთ.

ბექა ადამაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მწერლის, ბექა ადამაშვილის, ლიტერატურული მოგზაურობა პირველი წიგნის გამოცემამდე დაიწყო. გარდა იმისა, რომ ბექას წლების განმავლობაში ჰქონდა პოპულარული ბლოგი დოინ.ჯი, იგი სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის, შემოდგომის ლეგენდის, გამარჯვებულიცაა.

დღეს უკვე სარეკლამო სააგენტოს კრეატიულმა დირექტორმა ქოფირაითერული უნარები რომანის შესაქმნელადაც მოსინჯა და ეს ყველაფერი 24 წლის ასაკში გამოცემული პირველი წიგნით — ბესტსელერით — დაიწყო. მართალია წინა წინადადებაში "ბესტსელერი" წიგნის სახელს მიემართება, თუმცა, რომანი მართლაც იქცა ბესტსელერად. ორიგინალური სიუჟეტის მქონე ნაწარმოები, რომელშიც მოქმედება, არც მეტი, არც ნაკლები, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ვითარდება, მკითხველების საყვარელი თავშესაქცევი გახდა. ითარგმნა ინგლისურად (მთარგმნელი — თამარ ჯაფარიძე) და გერმანულადაც (მთარგმნელი — ზიბილა ჰაინცე).

ავტორის მეორე წიგნის მოლოდინი 4 წელიწადს გაგრძელდა და, საბოლოოდ, კიდევ ერთი რომანი შეიქმნა, "სადაც ყველა კვდება". წიგნმა ამ რომანში ყველა კვდება, რომლის პროტაგონისტიც თვით სიკვდილია, წინამორბედის წარმატება გაიმეორა და მეტიც — ამ ნაწარმოებისთვის ბექა ადამაშვილი პირველი ქართველი მწერალი გახდა, რომელმაც ევროკავშირის ლიტერატურული პრიზი მიიღო.

ბლიცი ბექა ადამაშვილთან

რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?

პერიოდულად განმეორებად მალფუჭებად შეგრძნებას, რომლისკენაც ადამიანების უმეტესობა ვისწრაფვით.

რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?

იმედგაცრუებების არიდების მიზნით, იდეალების ყოლას ვერიდები. ისე კი, პირველი ადამიანი, ვინც იმედგაცრუების შიშზე გამახსენდა, გურამ კაშიაა.

რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?

მოსმენის უნარს, ოღონდ, არ ვიცი, რამდენად შეიძლება, თვისებად მივიჩნიოთ.

ზურა ჯიშკარიანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

ზურა ჯიშკარიანის სახელი კარგად ნაცნობია არა მხოლოდ მკითხველებისთვის, არამედ მუსიკის და ტექნოლოგიების მოყვარულებისთვისაც. Kung Fu Junkie-ის და წარმატებული ექსპერიმენტული მუსიკალური პროექტის — KayaKata-ის — წევრმა, ბლოგერმა და არაერთი ინოვაციური პროდუქტის შემქმნელმა 2017 წელს სადებიუტო რომანი — საღეჭი განთიადები. უშაქროდ — გამოსცა და მკითხველების განსაკუთრებულ ინტერესთან ერთად კრიტიკოსების დადებითი გამოხმაურებაც დაიმსახურა.

"საღეჭი განთიადები. უშაქროდ — ეს ის განთიადია, რომელშიც აპოკალიფსის სიმულაცია დაწყებულია. ის შეიძლება დაღეჭო და თქვა, რომ კარგია, ან თქვა, რომ არ მოგწონს — შენთვის უცხოა, მაგრამ ნაგავში ნახმარი კევივით ნამდვილად ვერ მოისვრი, იმიტომ, რომ ქართული ლიტერატურისთვის ეს ახალი ენაა — ნაგავში კი გაცვეთილის ადგილია", — ასე შეაფასა წიგნი დათო სამნიაშვილმა ლიტაგორაზე გამოქვეყნებულ რეცენზიაში.

გამორჩეული ენა და სტილი სწორედ ის ღირსებებია, რომლითაც ახალგაზრდა მწერლის ექსპერიმენტული რომანი დაახასიათეს.

კიბერპანკის ჟანრის წიგნმა ორი ყველაზე მსხვილი ლიტერატურული პრიზიც მიიღო: 2017 წელს ილიაუნის, 2018 წელს კი საბას პრემია საუკეთესო დებიუტისთვის.

ბლიცი ზურა ჯიშკარიანთან

რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?

პირატების დროშა პარლამენტის თავზე, აღმართული ველური ბავშვების მიერ, მათი სუბტროპიკული და სახიფათო ფანტაზიების ტრანსლირებისთვის.

რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?

მე უფრო მკვდრების მეგობარი ვარ, ვიდრე ცოცხლების; იდეალები კი არ მყავს.

რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?

სიცოცხლის სიყვარულს და მუდმივ მზაობას სიკვდილისათვის.

მიშა ბახსოლიანი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

სანამ მიშა ბახსოლიანს პოპულარული რომანის — კანიბალიადას — ავტორად გაიცნობდნენ, მკითხველთა ფართო წრეებში იგი თავისი მოთხრობებით იყო ცნობილი. მწერალი, რომელიც ხუმრობით მიიჩნევს, რომ "წერა სიზარმაცემ დააწყებინა", სრულიად საპირისპირო ბიბლიოგრაფიითაა წარმოდგენილი; ციფრულ ფორმატში გამოცემული რამდენიმე პროზაული კრებულის გარდა, მიშას მოთხრობები მოხვდა ანთოლოგიებშიც: სამჯერ დასახელდა წლის საუკეთესო 15 მოთხრობას შორის, ორჯერ კი ლიტერატურული კონკურსი "წეროს" რჩეულ ნამუშევრებში აღმოჩნდა.

განსაკუთრებული მოვლენა იყო იყო ბეჭდური კრებულის — სასაუზმე "ბუდაპეშტის" — გამოცემა 2017 წელს, რომელიც ნაცნობ თემაზე ჟანრობრივადაც და სტილითაც განსხვავებულად ჰყვება.

კანიბალიადა 2019 წელს დაიბეჭდა და ავტორის ცნობადობაც მოთხრობების მოყვარულ მკითხველებს გასცდა.

"ეს არ არის წიგნი ომზე, ეს არის წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ომს გამოექცნენ", — აფრთხილებს ავტორი მკითხველს თავიდანვე. და ასეცაა — სათაურით შექმნილი განწყობის მიუხედავად, რომანი ძალიან ადამიანურია.

"არ აქვს მნიშვნელობა, გიცხოვრია თუ არა იმ დროს, ამ წიგნში ყველა ამბავი ისეთია, საერთოდ რომ არ გაგეგონოს ტყვიის გასროლის ხმა, თითოეული სიტყვა მაინც ავტომატის კაკანივით ჩაგესმის ყურში", — ასე აფასებს რომანს მკითხველი და წიგნების თაროს მონაწილე, ლუკა გომარელი.

ბლიცი მიშა ბახსოლიანთან

რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?

ბედნიერებაა, როცა ცხოვრებას ისე ალაგებ, რომ დილით არავინ გაღვიძებს.

რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?

გაბრიელ ბატისტუტას. მაგარი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ მარტო ბურთს ურტყამდა.

რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?

სიზარმაცეს. რაც უფრო ზარმაცია ადამიანი, მით ნაკლებ ზიანს აყენებს სამყაროს.

მიხეილ ციხელაშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მიხეილ ციხელაშვილი მკითხველებმა თავდაპირველად ფსევდონიმით გაიცნეს. სადებიუტო რომანი მიბრუნება 2019 წელს გამოიცა შემოქმედებითი მეტსახელით — მიხეილ იოჰანი.

"მარტივი ენით და გულწრფელად დაწერილმა" ნაწარმოებმა, როგორც ამას რეცენზენტი არმაზ ახვლედიანი უწოდებს, ასეთივე მარტივად მოახერხა ქართული პროზით დაინტერესებული მკითხველების გულის მოგება; მათ კი, ვინც სკეპტიკურად იყო განწყობილი ქართულენოვანი ტექსტების მიმართ, ინტერესი გაუღვივა.

მიბრუნებიდან ორი წლის შემდეგ, 2021 წელს, ორი მოთხრობისგან შემდგარი კრებული — შრომა, გურია — გამოიცა, ამჯერად, ავტორის ნამდვილი სახელით. გამოცემიდან მცირე დროის გასვლის მიუხედავად, ასეთივე ნამდვილი და განსხვავებულად მძაფრი ემოციები გამოიწვია მკითხველში. წიგნს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სხვა მწერლებისგანაც.

"პირველ მოთხრობაში გურული პასტორალური ამბით ვიხალისე, მეორეგან კი მოულოდნელი ურბანული მძიმე ტრაგედია დამხვდა", — ასე შეაფასა შრომა, გურია მწერალმა და გასული წლის საბას ლაურეატმა, ბესო სოლომანაშვილმა.

ბლიცი მიხეილ ციხელაშვილთან

რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?

ამ კითხვაზე ალბათ სხვადასხვა განწყობაზე სხვადასხვანაირ პასუხს გავცემდი. ახლა იმას ვიტყვი, რომ ბედნიერება უტოპიური იდეა მგონია, რომლის განმარტებასა და ფორმებს თავადვე ვადგენთ და, როგორც კი ამ მდგომარეობას ვაღწევთ, მაშინვე ზურგს ვაქცევთ მას.

რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?

იდეალები აღარ მყავს, თუმცა ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი გამოცდილების გაზიარებით და გულახდილობით, ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. მას შემდეგ, რაც ჯგუფ IDLES-ის ვოკალისტი, ჯო ტალბოტი "გავიცანი", ასეთი დიდი გავლენა, ჯერჯერობით, სხვას არავის მოუხდენია.

რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?

Vulnerability. ქართულად ეს სიტყვა მოწყვლადობად ითარგმნება, თუმცა, არ მგონია, "მოწყვლადობა" სრულად აღწერდეს მის მნიშვნელობას.

მათე სარალიშვილი

ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა

მათე სარალიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ავტორია, თუმცა, ასაკის მიუხედავად, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი შემოქმედებით გამოირჩევა. შემოქმედება კი მხოლოდ ლიტერატურას არ მოიცავს — მათე უკრავდა მუსიკალურ ბენდსა და ახალგაზრდულ ორკესტრთან, არის თავისუფალი სივრცის თეატრის თანადამფუძნებელი და ამავე თეატრის შემოქმედებითი გუნდის წევრი.

ლიტერატურული კარიერა კი 20 წლის ასაკში გამოცემული პოეტური კრებულით — საკურთხევლით — დაიწყო, რომელმაც 36 ლექსი და ერთი პოემა მოიცვა. პოემის მიხედვით, მოგვიანებით, თავისუფალი სივრცის თეატრში წარმატებული სპექტაკლიც დაიდგა.

პირველი რომანი, მივიწყებულნი, 2021 წელს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ და ახალგაზრდა მწერალიც სწრაფად მოექცა ყურადღების ცენტრში. გამოხმაურებებს შორის ლეგენდარული ქართველი მწერლის, აკა მორჩილაძის, შეფასებაც აღმოჩნდა, რომელმაც წიგნს "ტკივილით, რაღაცნაირი მდუმარებით მოთხრობილი აუტანელი თავგადასავალი" უწოდა, თბილელმა მიტროპოლიტმა მალხაზ სონღულაშვილმა კი ნაწარმოები "ჩვენს მწერლობაში ახლებურ სუნთქვად" შეაფასა.

ბლიცი მათე სარალიშვილთან

რას აღნიშნავს ბედნიერების იდეა თქვენთვის?

ეს კითხვა ახლახან დამისვა ჩემმა უახლოესმა ადამიანმა — თამთამ... მეგონა, გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა, თუმცა, მცირე დაყოვნების მერე ვუპასუხე — მზადყოფნა... იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რაც ვთქვი, რომ ახლაც თამამად ვამბობ, ბედნიერება მზადყოფნაა. თუ გრძელ პასუხად არ ჩამითვლით, ავხსნი. ბედნიერება ჩემთვის გარეგანი ფაქტორები არაა: არც სიამოვნება, არც მიკუთვნებულობა, არც თავდავიწყება... ბედნიერია ის, ვინც მზადაა, იცხოვროს, დაბრკოლდეს, შეეშალოს, გამოუვიდეს, შეეშინდეს, გაბედოს, გათბეს, ან დაიწვას. უბედურება მაშინაც აღწევს ჩვენში, როცა ყველაფერი კარგადაა. გამოდის, ჩვენში მზადყოფნა არ არის გამოცდილებისთვის, მრავალფეროვნებისთვის, მიღებისთვის. მრავალფეროვნებაში კი შავიცაა და თეთრიც. მზად ვერ იქნები ცალმხრივად... მხოლოდ სიკეთისთვის, კეთილდღეობისთვის მზადყოფნა არ არის საკმარისი. ყველა მხრიდან მოსალოდნელია შეტევა. ეს კი დაძაბულობა აღარაა, ეს თავისუფლებაა. როგორც კი ვიკეტებით, აღარ ვართ მზად და, შესაბამისად, ვუბედურდებით. მზადყოფნის გარეშე არ იბადება თავისუფლება, არც მშვიდობა, არც ურთიერთობა... ასეთ მზადყოფნაში უბედურება შენგან არ მოდის, ეს კი ბედნიერებისათვის აუცილებელია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვისაა ასე. შესაძლოა, ვცდები.

რომელ ცოცხალ ადამიანს მიიჩნევთ იდეალად?

ცოცხალი ადამიანებიდან ბევრია ძვირფასი და ჩემი იდეალიც, შესაბამისად, არ არის მხოლოდ ერთი... ნადია მურადის წიგნს ვკითხულობდი ახლახან და, მგონია, რომ ვიცნობდე, მას დავასახელებდი. ჩემი ოჯახის ოთხეულიდანაც დავასახელებდი ვინმეს, კიდევ რამდენიმეს, მაგრამ მიკერძოებულობას მსურს, თავი ავარიდო. მალხაზ სონღულაშვილს დავასახელებ. მიუკერძოებლადაც შემიძლია, მასზე ვილაპარაკო. ამ ადამიანში ბევრი უცნაური რამ ერთიანდება, რაც ყოველთვის მაოცებდა: რწმენა და ცოდნა, გამბედაობა და თავმდაბლობა, მიუკუთვნებლობა და ერთგულება... ბავშვობაში ვიბნეოდი. თუ ერთგულობ, ესე იგი, მიკუთვნებულიც ხარ-მეთქი, ვფიქრობდი, ან თუ იცი, რიღასი გწამს? როგორ შეიძლება, გაბედული ადამიანი თავმდაბალი იყოს?

ეს ადამიანი კი ყოველთვის არის ღია და მან იცის, რას ნიშნავს, იყო თავმდაბალი და ამ ცოდნისა სწამს, ეს რწმენა კი მის გამბედაობაში ჩანს. გვიან მივხვდი, რამხელა გაბედულება სჭირდება ყველასათვის მიუღებელი აზრის, მაგრამ ჭეშმარიტი, გულის გულიდან მომავალი აზრის თქმას, მის განხორციელებას. ასეთი გაბედულებით იმის თქმაც შეიძლება, რომ არავისზე მეტი არა ხარ და არც არასოდეს იქნები. ამ მხრივ, მალხაზ სონღულაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ იმის ერთგულიცაა, ვინც ერთგულობს და იმისიც, ვისაც არაერთხელ უქცევია ზურგი. ალბათ, ამიტომაც არის მის შედგენილ ლიტურგიაში რუმის ლექსი:

"მოდი, მოდი, ვინც უნდა იყო. გინდ მოხეტიალე იყავი, გინდ მლოცველი, გინდ მაწანწალა. არა აქვს ამას მნიშვნელობა. ამ ჩვენს ქარავანში უსასოობას არ აქვს ადგილი. მოდი, თუნდაც ათასჯერ გქონდეს შენი აღთქმა გატეხილი. მოდი, მოდი კიდევ ერთხელ. მოდი უფალთან..."

რომელ ადამიანურ თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად?

ადამიანში ვაფასებ გულწრფელობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნახეთ "მარტოობის ასი წლის" მიხედვით გადაღებული სერიალის პირველი ტრეილერი
  2. ქვიზი: რომელი ქართული ჯგუფი ხარ?
  3. ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
  4. მოუსმინეთ ჯონ ლენონისა და პოლ მაკარტნის შვილების ახალ სიმღერას
  5. "არც ლამაზია და არც მსახიობობა გამოსდის" — სიდნი სვინიმ კრიტიკას უპასუხა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

მოკლედ: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ყალბი მართვის…