ქართული ოცნების დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, წვრილმანი ხულიგნობის თემა ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის ხელში "რაღაც ტერორიზმის იარაღად" იქცა. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საერთოდ, ეს წვრილმანი ხულიგნობის თემა ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ყოველთვის იყო აქტუალური. გარკვეულწილად, ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწის ხელში, ეს რაღაც ტერორიზმის იარაღად და საშუალებად იქცა. გარდა ამისა, წალეკა ჩვენი საზოგადოება, კულტურა, მემკვიდრეობა, აი, ამ უზნეობამ. აქოთებულია მთელი ატმოსფერო, აი, ამ წვირლმანი ხულიგნობის სხვადასხვა გამოვლინებით. მაგრამ, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება.

რეალურად, არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც 24 საათი გააჩერო ადამიანი, თუ გყავს დაკავებული და თუ მტკიცებულებები ხელთ გაქვს. თუ მტკიცებულებები ხელთ არა გაქვს, 12 საათში ვერ შეკრიბავ მტკიცებულებებს. აი, ეს მოიყვანეს იმ ნორმაში, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო კარნახობდა. ასე რომ, არაფერი ისეთი გამორჩეულო არ მოხდა, რის გამოც პოლიტიკური სპეკულაციების ასეთი მასშტაბი წარმოადგინეს", — თქვა მან.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

ამასთან ცვლილება ეხება 12-საათიან პატიმრობასაც. კერძოდ, მოქმედ კანონში წერია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს, ხოლო თუ ეს დაკავება არასამუშაო დროს ემთხვევა, ადამიანი შეიძლება დროებითი მოთავსების იზოლატორში მოათავსონ საქმის განხილვამდე, თუმცა დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 48-საათიანი ნორმა არაკონსტიტუციურია, რადგან განსხვავებულ მოპყრობას აწესებს. თუმცა ქართული ოცნება ცვლის არა ამ კონკრეტულ ჩანაწერს, არამედ ზრდის პირველ, 12-საათიან ვადას და მიზნად თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფას ასახელებს.

კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც:

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი