ქართული ოცნების დეპუტატი, ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის საელჩოს კრიტიკის მიუხედავად ამბობს, რომ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გაზრდა "ნამდვილად ღირდა".

"ღირდა ნამდვილად იქიდან გამომდინარე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დაკავების სხვადასხვა ვადების არსებობა გააუქმა და პარლამენტს დაავალა, რომ ეს ცვლილებები კანონმდებლობაში პირველ ივნისამდე აესახა. აქედან გამომდინარე ამერიკის საელჩოს განცხადებაში წერია, რომ არ იყო საკმარისი დისკუსია ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა ეს ასე არ იყო. იმიტომ რომ, კომიტეტებზე ოპოზიციური პარტიები გუშინაც და გუშინწინაც იყვნენ წარმოდგენილი და ძალით ახლა იმ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში შემოვიდნენ და კომიტეტებზე არ დადიან ძალით ნამდვილად ვერ მოვიყვანთ სხდომებზე", — განაცხადა სამხარაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, აშშ-ის საელჩო საქართველოში იმედგაცრუებულია. საელჩოს განცხადებით, ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

"ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო. ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან სიღრმისეული კონსულტაციის ნაკლებობა აჩენს კითხვებს ამ ცვლილებების მიზანთან დაკავშირებით", — აღნიშნავენ საელჩოში.

მათივე თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმება მხარეებს მოუწოდებს ერთობლივად იმოქმედონ კეთილსინდისიერად, რათა შეამცირონ ღრმა პოლარიზაცია, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ძირს უთხრის.

"ქართულ ოცნებას, როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ამ სულისკვეთებით 19 აპრილის შეთანხმება განახორციელოს და მართოს გამჭრვირვალედ და ინკლუზიურად. ასეთ მნიშვნელოვან კანონმდებლობაზე დაინტერესებულ მხარეებთან საფუძვლიანი კონსულტაციების არგამართვის გამო, მმართველმა პარტიამ ამ შემთხვევაში მოლოდინი არ გაამართლა.

საქართველოში ახლა მრავალფეროვანი, მრავალპარტიული პარლამენტია, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა. დროა, ყველა პარტიამ, განსაკუთრებით ქართულმა ოცნებამ, ერთად იმუშაოს პარლამენტში საქართველოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხების გადასაჭრელად", — ვკითხულოთ ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ მიერ განცხადებაში.

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  2. მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.

კანონპროექტს აკრიტიკებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც: