გერმანიაში რამდენიმე კათოლიკე მღვდელი 10 მაისს, ორშაბათს, ერთი და იმავე სქესის წყვილებს საჯაროდ დალოცავს. ეს ერთგვარი პასუხია მარტში ვატიკანის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ისინი "ჰომოსექსუალურ კავშირებს ვერ აკურთხებენ".

CBS News-ის ცნობით, ათობით გერმანელი მღვდელი აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების დალოცვას.

"რწმენის დოქტრინის კრების განცხადების საპასუხოდ, ხმას ვიმაღლებთ და ვამბობთ: ჩვენ განვაგრძობთ იმ ადამიანების მხარდაჭერასა და დალოცვას, რომელთაც გაცხადებული აქვთ პარტნიორობა", — წერია განცხადებაში, — "არც კურთხევის ცერემონიის შესრულებაზე ვიტყვით უარს. ამას ვაკეთებთ ჩვენი, როგორც მოძღვრების, პასუხისმგებლობით, რომელიც ხალხს ჰპირდება, რომ მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს ღმერთი აკურთხებს".

ჩვენ პატივს ვცემთ და ვაფასებთ მათ სიყვარულს და გვწამს, რომ მათზე ღმერთის წყალობაა.

მღვდლების ორგანიზებით ასევე გაიმართება რამდენიმე საეკლესიო ღონისძიება, მათ შორის ერთი და იმავე სქესის წყვილების დალოცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ერთ-ერთი ორგანიზატორის, კლაუს ნელისენის განცხადებით, ამ ღონისძიებისათვის დღეც საგანგებოდ შეირჩა — ორშაბათი, როგორც წესი, მღვდლისათვის თავისუფალი დღეა.

"ვერცერთი ეპისკოპოსი მათ ვერ აუკრძალავს ამის გაკეთებას, რადგან საკუთარ დროს იყენებენ", — აღნიშნავს ნელისენი.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი ქმედება, რომელიც დაუმორჩილებლობის ერთგვარი გამოხატულებაცაა, პირველად განხორციელდება საჯაროდ.

"ეს ყოველთვის იყო ჩვენი პატარა საიდუმლო", — ამბობს ღირსი მამა კრისტიან ოლდინგი, — "ამიტომ, მას პირველად ვაკეთებთ სახალხოდ, ყველასთვის საჩვენებლად".

ფოტო: Franco Origlia / Getty Images

პაპი ფრანცისკეს დასტურით ვატიკანმა მარტში განაცხადა, რომ კათოლიკე ეკლესია ერთი და იმავე სქესის წყვილების კავშირს ვერ აკურთხებს, რადგან ღმერთს "არ და ვერ შეუძლია ცოდვის დალოცვა". განცხადებაში მოხსენიებული იყო, რომ "ღმერთის ნება" არის კაცის და ქალის კავშირით ახალი სიცოცხლის შექმნა.

განცხადება ბევრისთვის საკვირველი აღმოჩნდა, რადგან პაპი ფრანცისკე წლების განმავლობაში ღიად უჭერდა მხარს ლგბტქ თემს.

2018 წელს, მან ძალადობის მსხვერპლ გეი ბიჭს მისწერა, რომ იგი "ღმერთმა ასეთი შექმნა და ასეთივე უყვარდა".

2020 წელსაც, იტალიაში ლგბტქ ასოციაციასთან შეხვედრისას, ფრანცისკემ აღნიშნა, რომ "ღმერთმა მრავალფეროვანი სამყარო" შექმნა და მას თავისი ყველა "შვილი" უყვარდა.

"თუკი ადამიანი გეია, ღმერთს ეძებს და კეთილი განზრახვა აქვს, მე ვინ ვარ, რომ განვსაჯო? პრობლემა ასეთი ორიენტაციის ქონა არ არის. ჩვენ ძმები უნდა ვიყოთ".

პაპი ფრანცისკე, 2013

კათოლიკე ეკლესიის მეთაურმა გასულ წელს ასევე ღიად დაუჭირა მხარი ლგბტქ წყვილების სამოქალაქო კავშირს.

ამ ყველაფრის შემდეგ, ვატიკანის განცხადება ბევრისთვის აღმოჩნდა მოულოდნელი. ის უარყოფითად შეაფასა რამდენიმე ცნობილმა ადამიანმაც, მათ შორის ელტონ ჯონმა, რომელმაც განცხადებას "ფარისევლობა" უწოდა.