საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

ზურაბიშვილს დღეს ჰქონდა შეხვედრა ქართული ოცნების სხვა ლიდერებთანა — შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და დეპუტატებთან, მამუკა მდინარაძესა დ მიხეილ სარჯველაძესთან.

მთავრობის წევრებმა პრეზიდენტთან შეხვედრა კომენტარების გარეშე დატოვეს. რაც შეეხება დეპუტატებს, მათ დაადასტურეს, რომ პრეზიდენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე ესაუბრნენ. შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს დაადებს, ქართული ოცნება იმსჯელებს, "დასაძლევია თუ არა".

5-6 მაისს პრეზიდენტს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდა. ოპოზიციას სურს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს.

მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა და გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ დღეს მედიასთან საუბრისას აღნიშნეს, რომ აქვთ ვეტოს მოლოდინი. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს ვეტოს საფუძველი.

ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში

29 აპრილს პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებულად განიხილავდა. ცვლილებები 2021 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რის შედეგადაც წვრილმანი ხულიგნობისა (166-ე მუხლი) და სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის (173-ე მუხლი) სანქციები იზრდება.

წვრილმან ხულიგნობაზე პირველი ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაში, სანქცია რჩება იგივე, ანუ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15 დღემდე პატიმრობა. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იქნება 1 500-დან 2 000 ლარამდე ან 5-დან 15 დღემდე პატიმრობა.

რაც შეეხება სამართალდამცველის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000-დან 3 000 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე ვადით. განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარიდან 4 500-ლარამდე ჯარიმა ან 7-დან 15 დღემდე პატიმრობა.

ამასთან ცვლილება ეხება პატიმრობასაც. 247-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

  1. ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 24 საათისა წარედგინება სასამართლოს.
  2. მტკიცებულების მოპოვების მიზნით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24 საათით. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების მიზანშეწონილობას.
  3. თუ დაკავებული პირი ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
  4. დაკავებული პირი სასამართლოსთვის წარდგენამდე უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება მოათავსოს დროებით მოთავსების იზოლატორში.