ახალზელანდიელი მომღერლის, ლორდის, ცნობილი ჰიტი Royals მილიარდი "სტრიმის", ანუ ციფრულ პლატფორმებზე მილიარდი მოსმენის მქონე სიმღერების ჩამონათვალს მიემატა.

სია, რომელიც მუსიკის საავტორო უფლებებზე მომუშავე ავსტრალაზიურმა კომპანია APRA AMCOS-მა შექმნა, იმ სიმღერებს მოიცავს, რომელთა სტრიმების ჯამი ყველა ციფრულ პლატფორმაზე მილიარდს აღემატება.

ამ მიღწევის აღსანიშნავი ჯილდო კომპანიამ მომღერალსა და მის წარმომადგენელს ლორდის მშობლიურ ქალაქში, ოკლენდში გადასცეს.

ლორდი მეოთხე ახალზელანდიელი მუსიკოსია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. მანამდე პროდიუსერმა ჯოელ ლიტლმა, ტეილორ სვიფტისთვის შექმნილი ჰიტით ME! მოახერხა მილიარდი სტრიმის მოგროვება. ჯილდო დაიმსახურეს სიმღერების ავტორებმა ლეროი კლემპიტმა და ჯეიმს უონგმაც ჯასტინ ბიბერის Company-ის შექმნისთვის.

Royals ლორდის სადებიუტო სინგლია, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. სიმღერა ასევე შევიდა მომღერლის პირველ სტუდიურ ალბომში Pure Heroine. სინგლი 9 კვირის განმავლობაში ლიდერობდა Billboard Hot 100-ის სიაშიც, მოგვიანებით კი, ნამუშევრის წარმატება გრემის ორი და ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის (RIAA) ბრილიანტის ჯილდოებით აღინიშნა.

ფოტო: Giphy

ელა მარია ლენი იელიჩ-ო'კონორის, იგივე ლორდის ამ დროისთვის ბოლო ნამუშევარი, მეორე სტუდიური ალბომი Melodrama 2017 წელს გამოვიდა. გასულ წელს მომღერალმა განაცხადა, რომ ანტარქტიდაზე მოგზაურობის შემდეგ ყინულოვანი კონტინენტი მისთვის წიგნისა და ახალი ალბომის შთაგონების წყაროდ იქცა. წიგნი, სახელად სამხრეთისკენ სვლა, 2021 წელს გამოიცემა და მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა კლიმატის ცვლილების თემაზე ერთ-ერთი სტუდენტის დოქტორის ხარისხის მოსაპოვებელ კვლევას დააფინანსებს.

ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის შეიძლება ველოდოთ ლორდის მესამე სტუდიურ ალბომს.