მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5%-მდე გაზარდა — ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. დღემდე საქართველოს მთავრობა 2021 წელს ეკონომიკის 4,3%-ით გაზრდას ელოდებოდა, თუმცა პროგნოზი აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა. აპრილში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 44,8%, ხოლო პირველ-ოთხ თვეში 8,1% იყო.

"ბოლო პერიოდში ვხედავთ ძალიან პოზიტიურ დინამიკას, ეს ჯერ კიდევ მარტის თვეში გამოჩნდა, როდესად პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად დაფიქსირდა ეკონომიკის 4%-იანი ზრდა. ჩვენი წინა პროგნოზი (ეკონომიკის 4,5% იანი ზრდა) რჩება პესიმისტურ სცენარში. რაც შეეხება საბაზისო, ანუ მთავარ სცენარს, განახლებული პროგნოზის შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა 2021 წელს ნავარაუდევია 6,5%-ით, რაც არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს იყო წინა პროგნოზებში", — განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა უნდა დაფიქსირდეს — საუბარია მთლიანი შიდა პროდუქტის 10,2%-იან ზრდაზე. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა 2022 წელს ეკონომიკის 6,9%-ით გაზრდას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი აპრილში განაახლა, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია 2021 წელ ქვეყნის ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდება. მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით ზრდას ელოდება აზიის განვითარების ბანკიც.