ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ის პრემიერმინისტრობის როლიდან გამოვიდა და "უაღრესად კომფორტულად გრძნობს თავს".

"გამოვედი ამ როლიდან და მინდა გითხრათ, უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებით პლუსია ამ ყველაფერში. თუმცა, რა თქმა უნდა, ის შესაძლებლობები, რომელსაც გაძლევს იყო პრემირმინისტრი, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც გაქვს სურვილი ეს შესაძლებლობა გამოიყენო მაქსიმალურად ეფეტურად, რაც ხან გამოგვდიოდა, ხან არ გამოგვდიოდა", — თქვა გახარიამ.

დღეს, 31 მაისს გახარია ჟურნალისტების კითხვებს საჯაროდ პასუხობს. მან 29 მაისს პარტიისა და გუნდის პრეზენტაცია გამართა. პარტიას საქართველოსთვის ჰქვია. 18 თებერვალს ის პრემიერმინისტრობის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა და ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა. მან ახსენა ისიც, რომ გუნდში ამაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო.

22 მარტს გახარია საზოგადოებასთან თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად გამოჩნდა და თქვა, რომ "არსად წასვლას არ აპირებს, მეტიც, არც პოლიტიკიდან" მიდის. 14 აპრილს კი გახარიას გუნდის ახალმა წევრმა, გიორგი ხოჯევანიშილმა განაცხადა, რომ ისინი მომდევნო არჩევნებისთვის მზადებას დაიწყებენ და შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებენ.

ამ ეტაპზე გახარიას გუნდში ქართული ოცნების 6 ყოფილი დეპუტატია. მმართველი პარტიიდან წავიდნენ და ყოფილ პრემიერმინისტრს უერთდებიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე.

გარდა ამისა, გახარიას პოლიტიკურ პარტიას უერთდებიან NATO-ში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.