ამერიკელმა მსახიობმა და კომიკოსმა, ბილ კოსბიმ, საპატიმრო რამდენიმე საათის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც პენსილვანიის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მსჯავრდებულის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეზე შეცვალა.

83 წლის კოსბის, რომელიც 1980-იან წლებში The Cosby Show-თი გახდა ცნობილი, ფილადელფიის მახლობლად მდებარე ციხეში უკვე მოიხადა სამიდან ათ წლამდე სასჯელის ვადის ორ წელზე მეტი.

მოსამართლეების თქმით, სასამართლო დევნისას "საპროცესო ნორმები დაირღვა", თუმცა, ისინი აღიარებენ, რომ მათი დადგენილება მაინც უჩვეულოა. 30 ივნისს გამოქვეყნებულ ვერდიქტში ნათქვამია, რომ კოსბის ადვოკატები შტატის მაშინდელ პროკურორთან გარიგებულები იყვნენ, რომ ბრალდებულს საქმეზე მსჯავრი არ დაედებოდა. მასში ასევე აღნიშნულია, რომ ბრალმდებლების ჩვენებებმა, რომლებიც საქმისთვის არარელევანტური იყო, მის მსვლელობას გეზი უცვალეს.

საკითხი ეხება იმას, რომ ათეულობით მოწმის ჩვენებას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ძალა აღარ ჰქონდა, ერთი ადამიანის ჩვენება კი მტკიცებულებისათვის არასაკმარისი იყო. ყველა ადამიანს აქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს, თუმცა, მაშინდელი პროკურორისა და ადვოკატის საპროცესო გარიგების საფუძველზე, პატიმრობის თავიდან აცილების მიზნით, კოსბიმ ჩვენება მაინც მისცა.

პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის არსებული შეთანხმების დარღვევა საპროცესო ნორმების დარღვევად ჩაითვალა. შესაბამისად, ახალმა სასამართლომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, უკანონოდ ცნო და გააუქმა.

კოსბის საპატიმროში გადაყვანის შემდეგ, მსჯავრის მოხდის დაწყებამდე გადაღებული მისი ფოტო გამოქვეყნდა. 25 სექტემბერი, 2018 წელი.

ფოტო: Montgomery County Correctional Facility

გადაწყვეტილების შეცვლას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მიუხედავად მხარდამჭერების სიხარულისა, ბევრმა, მათ შორის პროკურორმა კევინ სტილმა, განაცხადა, რომ პროცედურული დარღვევების გამო დამნაშავის გათავისუფლება არასწორია.

საპატიმროს დატოვებისას ყოფილ მსახიობს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ჟურნალისტების შეკითხვებს მისმა ადვოკატმა და წარმომადგენელმა, ენდრიუ უაიატმა, უპასუხა.

"ასეთ ცხელ დღეს ჩვენ ასეთივე ცხელი გადაწყვეტილება მივიღეთ", — განაცხადა უაიატმა, — "მისტერ კოსბი საკუთარ ცნობადობასა და სახელს ყოველთვის ქალების მხარდასაჭერად იყენებდა. რანაირად შეიძლებოდა, კაცს, რომელსაც ყოველდღიურად აკვირდება გამოძიების ფედერალური ბიურო, ქალები გაეუპატიურებინა ან მათთვის ნარკოტიკები მიეცა, მით უმეტეს, შავკანიან კაცს?"

გამოსასვლელში მსახიობს გულშემატკივრებიც დახვდნენ, რომლებმაც იგი ხმამაღალი შეძახილებით გაამხნევეს.

სასამართლომ მსახიობი კალათბურთის ყოფილი მოთამაშის, ანდრე კონსტანდის ნარკოტიკული საშუალებებით დათრობასა და მასზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ 2018 წელს ცნო. კოსბი ათობით ადამიანმა საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალურ ძალადობაში, თუმცა, საქმე მხოლოდ კონსტანდის შემთხვევაზე აღიძრა. მისი დამნაშავედ ცნობა 2018 წელს #MeToo მოძრაობისთვის გარდამტეხ მომენტად შეფასდა.