ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, AstraZeneca-ზე დარეგისტრირებულები ვაქცინას უახლოეს დღეებში მიიღებენ. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"კოვაქს პლატფორმასთან მიმართებაში ჩვენ ჯერ არა გვაქვს დაზუსტებული თარიღი, თუმცა რაც შეეხება დონაციას იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე რეგისტრირებულები არიან და ვისთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ 10-დან 12 კვირამდე მიიღონ მათი კუთვნილი ვაქცინა, მოლაპარაკება დასრულებულია და უახლოეს დღეებში მათ ექნებათ განახლებული ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან მიმართებაში. არანაირი წყვეტა ამ კომპონენტში არ იქნება", — თქვა მან.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია როგორ დარეგისტრირდებიან ისინი, ვინც ვაქცინა ვერ მიიღო. On.ge ამის გარკვევას შესაბამის უწყებებთან ცდილობს.

21 ივნისს რესპუბლიკურ, ინფექციურ საავადმყოფოებში და ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით ლოჯისტიკური პრობლემები შეიქმნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც დაგეგმილი ჰქონდა აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, უახლოეს პერიოდში შეეძლებათ აცრა.