ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა, სულ მცირე, 8%-ით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება მინისტრმა ეკონომიკის 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციისას გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლოს მთავრობამ 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6,5% მდე გაზარდა.

"ეკონომიკის უპრეცენდენტო ზრდა აპრილსა და მაისში გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წელს, წლის ბოლოს, სულ მცირე 8%-იანი ზრდით დავასრულებთ წელიწადს, ხოლო 2025-სა და 2030 წლისთვის კვლავაც შევინარჩუნეთ საშუალოდ 5-5,2%-იან ეკონომიკურ ზრდას, რაც ჩვენ განგვიმტკიცებს ეკონომიკური ზრდის რეგიონალური ლიდერის სტატუსს", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, პანდემიამდე საქართველო რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი იყო. მან აღნიშნა, რომ საქართველოს დასჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს იმავე ლიდერის სტატუსს.

"საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპების შენარჩუნება. ბოლო წლებში, 2019 წლის ჩათვლით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ჩვენ მოვიპოვეთ რეგიონში ლიდერის სტატუსი. პანდემიის ვარდნის შემდეგ, როდესაც 2020 წელს -6,2% გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, ჩვენ კვლავაც დავრჩებით რეგიონში ეკონომიკური ტემპების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვჭირდება გაათმაგებული ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ იგივე ლიდერის სტატუსს და ჩვენ ვხედავთ ბოლო თვეებში, რომ ეს სავსებით შესაძლებელია", — განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, აპრილში 44,8%-ით გაიზარდა, ხოლო მაისში 25,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ აპრილსა და მაისში ზრდის მსგავსი მონაცემი, სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ საბაზისო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის ეს მაჩვენებლები 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა — შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა 13,5%-ით, ხოლო აპრილში 16,6%-ით შემცირდა.