პოპულარულმა იტალიურმა როკჯგუფმა, Måneskin-მა, მსოფლიო ჰიტად ქცეული თავისი სიმღერის, I Wanna Be Your Slave-ის ვიდეოკლიპი გამოუშვა. მასში გამოყენებულია სიმღერის ოფიციალური სტუდიური ჩანაწერი, რომელიც 16 ივლისიდან იქნება ხელმისაწვდომი ციფრულ სტრიმინგ პლატფორმებზე.

სიმღერა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჩარტების ლიდერი გახდა, ბენდის სოლისტის თქმით, "შეულამაზებლად აღწერს სექსუალობის ყველა ასპექტს და მათ მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.

"ჩვენ კონტრასტული ფორმა გამოვიყენეთ: 'მე ეშმაკი ვარ, მე ადვოკატი ვარ, მე მკვლელი ვარ, მე ქერა ვარ'; ამით გვსურს, გადმოვცეთ იდეა, რომ მხოლოდ ერთი იდენტობის მორგება არ გვჭირდება. ყველას შეუძლია ბევრი მხარე ჰქონდეს".

ოთხი ახალგაზრდა მუსიკოსისგან შემდგარმა Måneskin-მა (დანიურად — "მთვარის შუქი") 2021 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი მოიგო, სიმღერით Zitti e Buoni. მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე შემდგარი ტრიუმფიდან მალევე ჯგუფი და მისი სიმღერები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ძალიან პოპულარული გახდა. სელინ დიონის შემდეგ ბენდი ევროვიზიის პირველი გამარჯვებულია, რომელიც ბრიტანულ ჩარტებში ორი სიმღერით მოხვდა.

გარდა გამარჯვებული სიმღერისა, ჩარტების ლიდერი აღმოჩნდა I Wanna Be Your Slave-იც, რომელსაც Spotify-ზე ჯამში 61 მილიონი სტრიმი აქვს. 26 ივნისს სიმღერა ამერიკული ბილბორდის Hot Hard Rock Songs-ის კატეგორიის სათავეშიც მოექცა. ის ასევე მოხვდა 14 ქვეყნის ჩარტების ათეულში.

კომპოზიცია, რომელიც ბენდის მეორე სტუდიურ ალბომში შედის, თავდაპირველად ევროვიზიის წინასაკონკურსო კამპანიის ფარგლებში შესრულდა და კონკურსის მიმომხილველი ერთ-ერთი გამოცემის იუთუბარხზე აიტვირთა. ვიდეო, რომელსაც ამჟამად 36 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული იუთუბის ტრენდებშიც კი იყო. ამასთან, ის Måneskin-ის სხვა სიმღერებთან ერთად ტიკტოკის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული "საუნდიც" გახდა.

ბენდი ამჟამად ევროპის პრომოტურს მართავს, რომლის ფარგლებშიც ღია სივრცეში გასამართავ მუსიკალურ ფესტივალებზე დაუკრავს. წლის ბოლოსთვის Måneskin კიდევ ერთი სტუდიური ალბომის გამოშვებას აპირებს.