23 ივლისს 12:00 საათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის რეგისტრაციის პორტალი გაიხსნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 23 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

"მოგმართავთ თხოვნით, რომ Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისი 12:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაძლევთ მოქნილობის შესაძლებლობას და მათ, ამ ჯავშნის მიღების შემდეგ, ექნებათ საშუალება, რომ შეცვალონ თარიღი და კლინიკა, უბრალოდ მოგვიანებით", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

Pfizer-ის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 14 ივლისს, 15:00 საათიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა პორტალის გახსნისთანავე საიტი გაითიშა. მთელი დღის განმავლობაში საიტი შეფერხებით მუშაობდა, თუმცა დღის ბოლოს ყველა ადგილი შევსებული იყო. ეკატერინე ტიკარაძემ შეფერხება მაღალ მიმართვიანობას დააბრალა და საზოგადოებას "გულწრფელი ბოდიში" მოუხადა.

20 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ booking.moh.gov.ge-ს გასამართად "სერიოზული მუშაობა ჩატარდა".

გაიგე მეტი: