მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, აცხადებს, რომ თბილისში არც ერთ შემთხვევაში მერის მეორე ტური არ იქნება და კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს. ამის შესახებ განცხადება კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ამას სრული პასუხისმგებლობით ამბობს.

"არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის მეორე ტური არ იქნება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ ორი კანდიდატი იქნება. თუმცა, არ ველოდებით სხვა არც ერთ ისეთ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია, პირველი ტურის საკითხი ეჭვქვეშ დააყენოს. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, კალაძე მოიგებს ამ არჩევნებს და რა თქმა უნდა, ამის გარანტიაა ამომრჩევლის განწყობა კალაძის მიმართ", — აცხადებს კობახიძე.

ამასთან, ის იმასაც ამბობს, თუ ამ არჩევნებზე ორი კანდიდატი იქნება — კალაძე-მელია, ამ შემთხვევაში, დაახლოებით, 70-30-ზე გადანაწილდება ხმები.

მისივე თქმით, ეს იცის სააკაშვილმა და გათვლა ჰქონდა სწორედ იმაზე, მელიამ ამ არჩევნებში ეს შედეგი აჩვენოს და ამით ის "გააფუჭოს".

"რაც შეეხება მელიას კანდიდატურას, თუ რატომ დააყენა სააკაშვილმა მელია კანდიდატად, ამას ერთადერთი მარტივი მიზანი აქვს — ის ეჭვიანობს მელიაზე და უნდა, ბოლომდე გააფუჭოს. აქედან გამომდინარე, მისი 30% გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი და ამას ჭკვიანური როგორ დავარქვა, მაგრამ კონკრეტული გათვლა უდევს სააკაშვილს", — ამბობს კობახიძე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. შარლ მიშელის შეთანხმების თანახმად კი, თუ მმართველი პარტია ამ არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 43%-ზე ნაკლებს აიღებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს. შესაბამისად, ეს არჩევნები გარკვეულწილად რეფერენდუმად მიიჩნევა, რის გამოც, გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ოპოზიციის დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, თბილისის მერობის საერთო კანიდატი ეყოლებათ. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, კი — თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ამ შეთანხმებას შედარებით დიდი ოპოზიციური პარტიებიდან ჯერჯერობით მხარს არ უჭერს ლეიბორისტული პარტია, ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი. მმართველმა პარტიამ კი თბილისის მერობის კანდიდატად თბილისის მოქმედი მერი, კახა კალაძე, დაასახელა.