ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ კოვიდპაციენტებისთვის მაქსიმუმ 8 000 საწოლის გამოყენება შეუძლიათ. თამარ გაბუნიას თქმით, დღეის მდგომარეობით, 7 000-მდე საწოლია მობილიზებული და დამატებითი კლინიკები და სასტუმროები ერთვებიან, თუმცა მას ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. დღევანდელი, 4 აგვისტოს მონაცემებით კი, საავადმყოფოებში 6 200 პაციენტი მკურნალობს.

"ჩვენ დღეს ისედაც ვართ უკვე წითელი, ანუ განგაშის ზონა. ამდენად, რა არის კიდევ უფრო კრიტიკული, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ჯანდაცვის სექტორი როგორ გაართმევს თავს. ბოლო დღეებში არაერთხელ ვთქვი, რომ 8 000 საწოლი არის ის რესურსი, რომელიც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება, გამოიყენოს ამ კონკრეტული მიზნებისთვის", — აცხადებს თამარ გაბუნია.

ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე დააკვირდებიან მდგომარეობას და დამატებითი შეზღუდვების გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებენ. შეზღუდვა კი, პირველ რიგში, მობილობას შეეხება.

ბოლო დღეების განმავლობაში კოვიდინფიცირების შემთხვევები სულ უფრო იზრდება. გუშინ, 3 აგვისტოს, კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, წელს ანტირეკორდია და მიაუხლოვდა შარშანდელ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, როდესაც 2020 წლის ნოემბრის ბოლოს ქვეყანაში, ეპიდსიტუაციის გამო, მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. დღეს, 4 აგვისტოს, ინფიცირების მაჩვენებელი, გუშინდელთან შედარებით, მცირედით ნაკლებია, მაგრამ 38-მდე გაიზარდა გარდაცვალების რაოდენობა.