თალიბანის მეომრები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. ეს ბოლო ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რომელიც თალიბანი არ აკონტროლებდა. არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ.

REUTERS-ს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მეომრები ქალაქში ყველა მხრიდან შედიოდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. AP ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თალიბები დედაქალაქის 3 რაიონში, კალაკანში, ყარაბაღსა და ფაღმანში არიან.

The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".

THE Guardian ასევე წერს, რომ ავღანეთის პრეზიდენტი საგანგებო მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სა და ნატოს წარმომადგენლებთან.

14 აგვისტოს თალიბანმა ჩრდილოეთ ავღანეთის მთავარი ქალაქი, მაზარ-ი-შარიფი აიღო და კიდევ უფრო მიუახლოვდა ქაბულს, საიდანაც დასავლეთის ქვეყნები მათი მოქალაქეების ევაკუაციას ცდილობდნენ. ამასთან, დაიკავა ქაბულიდან 70 კილომეტრში მდებარე ქალაქი, პულ-ე-ლამიც. 13 აგვისტოს მათ ავღანეთის სიდიდით მეორე ქალაქი, ყანდაარი აიღეს, ხოლო 12 აგვისტოს ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქი — ჰერათი, რის შემდეგაც აშშ-მ მოუწოდა ამერიკელებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ავღანეთი და დასახმარებლად სამხედროების გაგზავნა გადაწყვიტა.

ავღანეთში ძალადობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-მა და სხვა საერთაშორისო ძალებმა 20-წლიანი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, 1 მაისიდან ქვეყნიდან ჯარების გაყვანა დაიწყეს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკის მისია ავღანეთში დაგეგმილზე ადრე, 31 აგვისტოს, დასრულდება. აშშ-მ მთავარი სტრატეგიული წერტილი — ბაგრამის ავიაბაზა, უკვე დატოვა. ავღანეთში ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ მცირე ჯგუფი რჩება და ისინი საელჩოს დაიცავენ. ივნისის ბოლოს The Wall Street Journal-მა აშშ-ის დაზვერვის სამსახურთან დაახლოებული პირების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ დაზვერვის სამსახურის დასკვნით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, აშშ-ის ძალების მიერ ავღანეთის დატოვებიდან 6 თვეში შესაძლოა, ქაბულის მთავრობა დაეცეს.