ჟურნალისტი ვახო სანაია მასზე თავდამსხმელების გათავისუფლების შემდეგ აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები ქმნის დაუცველობის სინდრომს ქვეყანაში. სანაიას თქმით, ამ დაუსჯელობის სინდრომმა მოიტანა 5 ივლისი.

"სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლე, რომელმაც სპეციალურად აქამდე მიიყვანა თავდასხმის საქმე ჟურნალისტზე, ჩვენს ოჯახზე, ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამ დაუსჯელობის სინდრომმა მოიტანა 5 ივლისი და ჩვენი კოლეგის მკვლელობა", — განაცხადა სანაიამ.

ჟურნალისტი ამბობს, რომ მოსამართლემ მიზანმიმართულად გაწელა განაჩენის გამოცხადების დრო 25 აგვისტომდე.

"ის, რასაც ვამბობდით ჩვენ, გამართლდა სრულად: ივლისში შეეძლო გადაწყვეტილების გამოცხადება და 6 თვე აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელა [მოსამართლემ], იმიტომ, რომ 25 იყო 6 თვე გასული და 6 თვე მიუსაჯა, დამნაშავედ ცნო, მაგრამ, გაათავისუფლება", — განაცხადა სანაიამ.

ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა 150-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. ისინი სანაიას თავს 25 თებერვალს დაესხნენ და სამივე მათგან იმ დღესვე დააკავეს. სწორედ დღეს, 25 აგვისტოს, გავიდა 6 თვე მათი დაპატიმრებიდან, შესაბამისად, სავარაუდოდ, დღესვე გამოვლენ ციხიდან.

გაიგე მეტი: