ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. ამ საკითხზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობა მაინც მოუწევს.

"დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც სიტყვა რეფერენდუმსაც იყენებენ. შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას ვუთხარით და ეს ინფორმაცია დადასტურდა, ისინი ეძებენ საბაბს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მაინც მოუწევთ", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, თუ რეგულაციებს ყველა დავიცავთ, საარჩევნო პროცესები რისკისშემცველი არ იქნება. მდინარაძემ მოუწოდა ოპოზიციას, რომ უსაფრთხოდ აწარმოონ საარჩევნო კამპანია, ხოლო არჩევნებზე ამას, მისი თქმით, ცესკო უზრუნველყოფს.

"საარჩევნო პროცესები თუ რეგულაციებს ყველა დავიცავთ, არ არის რისკისშეცველი და ვერ შეედრება იმ რისკებს, რომელიც არსებობს ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებში. ჩვენ ამის წარმატებული გამოცდილება გვაქვს, წინა არჩევნებთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ პარტიებმა კამპანია აწარმოონ ისე, რომ დაიცვან რეგულაციები, ისე როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ და არჩევნების დღეს ამას უზრუნველყოფს ცესკო", — აცხადებს ის.

ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილიც ამტკიცებს, რომ არჩევნები ჩატარდება და ჩატარდება კოვიდუსაფრთხოდ. ის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისი გადადების მოთხოვნას "პირდაპირ პოლიტიკურ კაპიტულაციას" უწოდებს და აცხადებს, რომ არჩევნებში მმართველი გუნდი "დამაჯერებლად გაიმარჯვებს".

"რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ თითქოსდა მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ. ჩვენ პანდემიის თითქმის ორწლიან პერიოდში ვხედავდით ნაციონალური მოძრაობის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას ეპიდსიტუაციის და მათ შორის, რეგულაციების მიმართ. რატომღაც მათ მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ ჩვენი ქვეყანა პანდემიის პირობებში ცხოვრობს", — აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის აზრით, ოპოზიციის ამ მოთხოვნის ერთადერთ მიზეზი აქვს — "მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან". მას არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებაზე არგუმენტად წინა წლის არჩევნებიც მოჰყავს და აცხადებს, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა.

"ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით ჩატარებას. ასე, რომ უშუალოდ არჩევნების დღის მიმართ რაიმე კითხვის ნიშნის გაჩენა ეწინააღმდეგება როგორც წინა არჩევნების გამოცდილებას, ისე იმ ცოდნას, რომელიც ამ მხრივ ჩვენთან თუ მსოფლიოში დაგროვდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენ ვაცხადებდით, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეები იქნებიან უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე ნებისმიერ თავშეყრის ადგილზე. ეს ასევე იქნება 2 ოქტომბრის არჩევნებზეც", — თქვა მან.

პაპუაშვილს არგუმენტად მოჰყავს ვაქცინაციის პროცესიც და აცხადებს, რომ თუ იმ ტემპით წავა, რაც დღეს გვაქვს, არჩევნების დღისთვის ზრდასრული მოსახლეობის, დაახლოებით, 60% სულ მცირე ერთი დოზით იქნება აცრილი.

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ როცა ქვეყანაში დღიურად 60-70 ადამიანი იღუპება და მოქალაქეთა სათანადო რაოდენობა ვაქცინირებული არ არის, არ შეიძლება, "ყველაფერი იყოს ღია". მისი თქმით, ეპიდვითარების დასტაბილურებამდე, საჭიროა რეგულაციების გამკაცრება და არჩევნების გადადებაზე ფიქრი.