საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, "ევროპარლამენტარი მისი უფროსი არ არის". ასე პასუხობს ის ჟურნალისტების კითხვას მაკროფინანსური დახმარების არმიღების გამო ევროპარლამენტარების კრიტიკასთან დაკავშირებით.

"ევროპარლამენტარი არ არი ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი. ეს ერთი. თუ მათ აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ", — თქვა მან [სტილი დაცულია].

ჟურნალისტის კითხვას, მისი აზრით, იტყუებიან თუ არა ევროპარლამენტარები, როცა ამბობენ, რომ ეს თანხა იყო დახმარება, ღარიბაშვილი ასე პასუხობს:

"არ მაინტერესებს, ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს, რომ ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამას გარდა, ამ სესხმა, ამ 75 მილიონმა ევრომ, ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და ძალიან ბევრი პოლიტიკური ინსინუეციების და სპეკულაციების საგანი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ ამ სესხის აღებისგან".

ღარიბაშვილს ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა, ქვეყნის მეგობრები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მუშაობს? საპასუხოდ ღარიბაშვილმა აღნიშნა:

"ვინ არის ჩვენი მეგობარი? 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო დასრულებული, როცა ევროკავშირის სახალხო პარტიის წარმომადგენლები თბილისში ჩამოდიოდნენ, ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, შემდეგ ჩადიოდნენ ევროკავშირში და ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ, მათ შორის, ქართული ოცნების თაობაზე, ყოფილი დამფუძნებლის, თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თაობაზე და ა.შ. ეს ჩვენ კარგად გვახსოვს ყველას".

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმს ჰქვია "მაკროფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ ევრომდე", ხოლო ევროკავშირი მოხსენიებულია, როგორც სესხის გამცემი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმის შესახებ განცხადება გუშინ, 31 აგვისტოს გააკეთა. სწორედ ამას გამოეხმაურა რამდენიმე ევროპარლამენტარი. მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ დაასწრო ევროკავშირს, რადგან ჰქონდა მოლოდინი, რომ პირობების არშესრულების გამო დახმარებას ვერ მიიღებდნენ. ანდრიუს კუბილიუსის თქმით კი, საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილის არაღება ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ არის მზად იმ პირობების შესასრულებლად, რომლებიც დახმარების მისაღებად არის საჭირო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ჟულიენ კრამპის განცხადებით, პატივს სცემენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ მიიღოს ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ საქართველომ მისი მიღების პირობები ვერ შეასრულა. ევროკავშირის განცხადებით, საქართველოსთვის გასაცემი დახმარება დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.