თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი, კახა კალაძე აცხადებს, რომ გახარიამ მას რამდენჯერმე დაურეკა და შეხვედრა მოითხოვა. კალაძის თქმით, ექსპრემიერს თბილისის მერიაში შეხვდა.

"შეხვედრა იყო. რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით", — თქვა კალაძემ.

ჟურნალისტების კითხვას ფინანსებთან დაკავშირებულ შეთავაზებაზე კალაძემ არ უპასუხა. მას ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს თბილისის მერად გახარიას კანდიდატურაზე, რაზეც პასუხობს:

"იცით რა, ზოგადად, ერთ რამეს ვიტყვი, თბილისის და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევს თავის სახელს, დანარჩენი დაველოდოთ 2 ოქტომბრის არჩევნებს".

დღეს, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამან მისი ყოფილი თანაგუნდელების მორიგი კრიტიკა გამოიწვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას", ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო და "მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში". ამასთან, მისივე განცხადებით, გახარიას მხრიდან მინიშნებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თუ "ოცნების" მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა იქნებოდა, ექსპრემიერი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა.