ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გახარიას მხრიდან მინიშნებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თუ "ოცნების" მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა იქნებოდა, ექსპრემიერი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებდა.

"იყო კომუნიკაციის მცდელობა, შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე, იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაცა ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, ნუ, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს. ეს არის არასერიოზული, ჩვენ, მგონი, კეზერაშვილში ვეშლებით", — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძეც ადასტურებს ფაქტს, რომ თბილისის მერობის კანდიდატებს, კალაძესა და გახარიას შორის შეხვედრა შედგა და მანამდე იყო "არაერთგზის მიწერა, მესიჯი". მისი თქმით, შეხვედრის მიზანი ის იყო, რომ პარტია საქართველოსთვის ლიდერს არ სურდა მის ყოფილ თანაგუნდელს ტელევიზიით შეეტყო ყოფილი პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე დასმულ კითხვას დღეს კახა კალაძემ არ უპასუხა, თუმცა მოკლე კომენტარი გააკეთა გახარიასთან შეხვედრის შესახებ.

დღეს, პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერი გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს. ამან მისი ყოფილი თანაგუნდელების მორიგი კრიტიკა გამოიწვია. მამუკა მდინარაძის განცხადებით, "მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას", ხოლო ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "არჩევნები არ არის ოლიმპიადა, რომ ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლო და "მესამე ადგილისთვის არ იბრძვიან არჩევნებში".

გაიგეთ მეტი: