ავღანეთში, ჰერათის პროვინციაში 80-მდე ქალმა აქცია გამართა და თალიბანისგან მუშაობისა და განათლების უფლებები მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ AlJazeera ავრცელებს.

გამოცემას აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარიამ ებრამი უყვება, რომ მათ ქუჩაში გამოსვლა გაბრაზების გამო გადაწყვიტეს, რადგან მისი თქმით, თალიბანს ქალთა მუშაობის უფლებებზე პასუხები არა აქვს. როგორც ის მედიას უყვება, ქალებს სამსახურებში უთხრეს, რომ აღარ მისულიყვნენ ან ოფისებში მისვლის შემთხვევაში, უკან გამოაბრუნეს. ებრამის განცხადებით, მან, სხვა ქალებთან ერთად, ქალთა უფლებების შესახებ თალიბანის პოლიტიკის მკაფიოდ განმარტება მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიუღიათ.

თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ. არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ. არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო. დღეს ყველაფერი ისევ შეიცვალა.

ავღანეთზე კონტროლის ხელში აღების შემდეგ თალიბანის პრესსპიკერმა მედიასთან პირველ პრესკონფერენციაზე ქალთა უფლებებზე ისაუბრა. მან ამ საკითხს "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა და თქვა, რომ მხარს უჭერენ ქალთა უფლებებს, თუმცა მხოლოდ შარიათის კანონის ფარგლებში. მას შემდეგ კი, რაც თალიბებმა ავღანეთი დაიკავეს, არაერთმა ავღანელმა ქალმა საჯაროდ ისაუბრა საკუთარი შიშებისა და მოლოდინების შესახებ.

გაიგეთ მეტი: