ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თვითმფრინავის ბილეთი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2 ოქტომბერს ჩამოფრინდება. ბილეთის მიხედვით, ის საქართვლოში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად ჩამოვა.

ფოტო: მიხეილ სააკაშვილი / Facebook

"საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა თქვენი ნება, ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში", — განაცხადა მან ვიდეო მიმართვაში.

6 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა და საქართველოში ჩამოსვლა კვლავ დააანონსა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაზე საუბრობდა. იმავეს ამბობდა ის წინა არჩევნების პერიოდშიც და ეს რამდენჯერმე თქვა ახლაც. მისი თქმით, პირობას შეასრულებდა და "რეფერენდუმის" წინ საქართველოში ჩამოვიდოდა. სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებებზე საუბრისას მმართველ პარტიას არაერთხელ უთქვამს, რომ მას ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში დააკავებენ. მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაერთი გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს საქართველოში.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. მას ოპოზიცია რეფერენდუმს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს, რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. აღნიშნულს არ ეთანხმება მმართველი პარტია, რომელიც 28 ივლისს შეთანხმებიდან გავიდა და დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს ოპოზიციას დააბრალა და თქვა, რომ შეთანხმებას მხოლოდ ისინი ასრულებდნენ, რაც არასწორია, ამიტომ დოკუმენტმა თავი ამოწურა.

მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.