დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს მათ მიერ აცრილი პაციენტების რაოდენობის შესაბამისად, ხელფასზე დანამატი დაერიცხებათ.

"ერთ-ერთი ცვლილება შედის მთავრობის განკარგულებაში — წახალისება პირველადი ჯანდაცვის ოჯახის და სოფლის ექიმების, რომ მათ დამატებითი ანაზღაურება მიეცეთ. C ჰეპატიტის პროგრამაზე გვაქვს ასეთი წამახალისებელი ღონისძიებები, როცა პირველადი ჯანდაცვის ჯანდაცვის და სოფლის ექიმებს ვუხდით დამატებით თითოეულ სკრინირებულ ადამიანზე. დაახლოებით იგივე იქნება: გარდა იმისა, რასაც ისინი დღეს იღებენ, თოთოეულ აცრაზე დამატებით იქნება მოტივაცია მათთვის, რამდენ მეტ ადამიანს ჩართავენ იმუნიზაციის პროცესში", — განმარტავს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ეს იქნება კარდაკარის პრინციპის პროცესი, როცა ექიმები თავად მივლენ მოსახლეობასთან და ეცდებიან დაარწმუნონ, რომ აიცრან.

"იმის მაგივრად, რომ ჩვენთან მოვიდნენ ასაცრელად ხალხი, ახლა ამცრელები უნდა მივიდნენ მათთან", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციაზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური დონის კლინიკებს დაეკისრათ.

"მუნიციპალური დონის კლინიკები, ეს არის ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც უწევენ სოფლის მოსახლეობას დამატებით სპეციალიზებულ სერვისს ამბულატორიულ დონეზე. ამდენად, მათ აქვთ ზუსტი სია, იციან სოფლები, სად უნდა იმუშაონ, როგორ უნდა იმუშაონ და მათ აქვთ, ასევე, შესაფერისი რესურსი იმისთვის, რომ აწარმოონ აქტიური ვაქცინაცია", — ამბობს გაბუნია.

ვაქცინაციისა და კორონავირუსის მართვის პროცესში პირველადი ჯანდაცვის რგოლის როლის გაზრდაზე თამარ გაბუნია ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში საუბრობდა.