ცესკო-ს თავმჯდომარის ოპოზიციური პარტიების კვოტით არჩეული მოადგილე, გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ გადაწყვეტილება თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო. ის ამბობს, კომისიას ამის შესახებ არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ ფორმატში არ უმსჯელოა. სიორიძე ხაზს უსვამს იმასაც, რომ თავად ემიჯნება ამ გადაწყვეტილებას.

"ცესკოს ბრიფინგიდან ისე გამომდინარეობდა, თითქოს ეს იყო კომისიის გადაწყვეტილება. ასეთი აღქმის შესაძლებლობას ტოვებდა ყოველ შემთხვევაში და მინდა გითხრათ, რომ არ ყოფილა არა მხოლოდ კომისიის სხდომის ოფიციალურ ფორმატში, არამედ სამუშაო ფორმატშიც კი არ ყოფილა კომისიის წევრებს შორის ასეთი ტიპის განხილვა.

მე შინაარსობრივადაც ვემიჯნები მას და ამავდროულად, არც მინდა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ოსეთი შთაბეჭდილება, თითქოს, მე ან რომელიმე სხვა კომისიის წევრს მონაწილეობა გვქონდეს ამ გადაწყვეტილების მიღებაში მიღებული", — აცხადებს სიორიძე ფორმულასთან საუბარში.

On.ge საკითხის გასარკვევად ცესკო-ს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ემიჯნებიან სიძულვილი ენას და განაცხადეს, რომ მისი ტირაჟირება "სცილდება ეთიკურ ნორმებს", თუმცა უშუალოდ ბანერებთან დაკავშირებით გაიმეორეს იგივე, რაც გუშინდელი ბრიფინგისას — "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ სამართალდარღვევის ოქმი შეედგინა". რაც შეეხება სიორიძის განცხადებას, ცესკო-ში ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გუშინ, 28 სექტემბერს ცესკო-ში განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლიანი ბანერებთან დაკავშირებით სამართალდარღვევის ოქმის შედგენის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამის მიზეზად უწყებაში ასახელებენ იმას, რომ საჩივრებში მითითებული ბანერების დამზადება/განთავსება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებით არ მომხდარა და მათი დამზადება შპს ალმას ფიზიკურმა პირმა დაუკვეთა.

ე.წ. სისხლიანი ბანერების შესახებ ცესკოში საჩივარი შეიტანა სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), ერთიანმა ნაციონალურმა და პარტია დროას თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ.

17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით "არა ნაცებს, არა ბოროტებას" ისევ გამოჩნდა. Facebook-ზე გავრცელდა ფოტოც, სადაც ჩანს, რომ პოლიტიკური პლაკატი ვაქცინაციის მოწოდების ბანერს გადააკრეს. 18 სექტემბერს NCDC-მა განცხადება გაავრცელა და ვაქცინაციის მოწოდების ბანერების ჩანაცვლება დაგმო.

თავად კომპანია ალმამ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავენ, რომ ფუნქცია მხოლოდ ბილბორდების კონსტრუქციის ფართის გაყიდვა/გაქირავებაა და მათ ვიზუალზე პასუხისმგებლობას იხსნიან. თუმცა, კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ ე.წ. "სისხლიანი" ბანერების შინაარსი მათთვის მიუღებელია. კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ხელშეკრულების დარღვევაზე.

გაიგე მეტი: