როცა ბრიფინგისთვის წინასწარ დამუშავებული და დაწერილი ტექსტი ასე ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, დღეში რამდენიმე მუნიციპალიტეტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ მოქალაქეების რეაქცია ალბათ მოსალოდნელიცაა. მით უფრო, თუ გამოსვლები უფრო და უფრო ემსგავსება ერთმანეთს და ერთიანი შაბლონის შთაბეჭდილებას ტოვებს.

გადავწყვიტეთ სწორედ ამ დაპირებების შესახებ მოგიყვეთ, რომლის დიდი ნაწილი ღარიბაშვილმა ენმ-ის კრიტიკაში და ოცნების ქებაში გაატარა და საზოგადოებისთვის იმის თქმას ცდილობდა, რომ არა ნაცებს და ავე ჩვენო. ალბათ არ იქნება მოულოდნელი, თუ გეტყვით, რომ წინასაარჩევნოდ, როდესაც პარტიები სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე საუბრობენ ხოლმე, თითქმის 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერმა და ქვეყნის პრემიერმინისტრმა მთელი კამპანია წინა ხელისუფლების კრიტიკაში გაატარა.

შენც თუ ფიქრობ, რომ პრემიერმინისტრის ყველა გამოსვლა ერთ შაბლონზე იყო მორგებული და მხოლოდ მუნიციპალიტეტების დასახელებები, ღარიბაშვილის პიჯაკები და უკან ფონი იცვლებოდა, გვინდა გითხრათ, რომ მარტო არ ვართ — ერთი და იმავეს გამეორებით დაღლა პრემიერმინისტრსაც შეეტყო.

7 არჩევნებში გამარჯვება, უწყვეტი მშვიდობა, ცუდი წინა ხელისუფლება და ისევ თავიდან — ანუ ღარიბაშვილის სიტყვის შაბლონი

საინტერესო საკვლევია ამ განცხადების შაბლონის შინაარსი, კერძოდ, თუ რა "ოსტატურად" აკავშირებს პრემიერმინისტრი მშვიდობის მნიშვნელობასა და წინა ხელისუფლებისადმი წაყენებულ ბრალდებებს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, შემდეგ ისევ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას, შეცდომების აღიარებასა და სამომავლო დაპირებებს.

რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ მათი მთავარი საზრუნავი მოსახლეობის მთავარი გამოწვევის, სიღარიბის, უმუშევრობის დაძლევა უნდა იყოს და შემდეგ ეს ყველა სხვა გამოსვლაში გაიმეორა. მაგალითად, ლაგოდეხის მერობის კანდიდატის წარდგენისას აღნიშნა, რომ მათი მთავარი ოპონენტი გაჭირვება უნდა იყოს.

გარდა ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრემიერმინისტრმა დრო იხელთა და ქვეყნის სამომავლო განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია მერობის კანდიდატების წარდგენებისას კიდევ ერთხელ გააკეთა.

მთავრობის დაპირებით, განსაკუთრებული ყურადღება იქნება ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. მოსახლეობას პირდებიან, რომ გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში 1 300 ახალი საწარმო დაფინანსდება და სრულად მთავრობა და კერძო სექტორი ერთად 2 500 000 000 ლარის ინვესტირებას მოახდენს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში.

მათივე გეგმით, რეგიონების განვითარებაში 32 მილიარდი დაიხარჯება და წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში იქნება შესაძლებელი მგზავრობა.

პრემიერმინისტრი წინასაარჩევნოდ ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით დაახლოებით 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ სოფელი "ერთხელ და სამუდამოდ დავაყენოთ ფეხზე".

გარდა ამისა, ქართული ოცნება ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს გვპირდება, რომ 2025 წლისთვის ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება, 2030 წლამდე კი იმავეს ყველა სოფელს ჰპირდება.

ტურიზმი, ტურიზმი და კიდევ ერთხელ ტურიზმი

ცალკე აღსანიშნავია ქვეყნის თითოეული მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, რომელიც პრემიერმინისტრმა და ხელისუფლების სხვა წევრებმა სწორედ წინასაარჩევნოდ დაინახეს.

მაგალითად, ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას დააანონსა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილას უნდა შეიქმნას ახალი ეკონომიკური ზონა თავისი ფინანსური ცენტრით, კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით.

იმავე ჟანრს ეკუთვნის ღარიბაშვილის განცხადება იმაზე, რომ მეშახტეებთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ტურიზმის განვითარება წამოაყენეს. უცნაურად და ცოტა დაუჯერებლადაც კი ჟღერს ამის ხსენება იმ მუნიციპალიტეტის კონტექსტში, სადაც ადამიანები შახტაში მუშაობის დროს ჯანმრთელობას იზიანებენ და იღუპებიან.

შაბლონის უცვლელ ელემენტად იქცა თითოეულ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ახალი ტურისტული მიმზიდველობის ცენტრების შექმნის გეგმა და პრემიერმინისტრმა ამის პოტენციალი ახმეტაში, ჩოხატაურში, გონიოში, ასპინძაში და სხვა ქალაქებში დაინახა.

ირაკლი ღარიბაშვილი, 19 აგვისტი: "ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი, ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური და სწორედ ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა და ამის პოტენციალი";

ირაკლი ღარიბაშვილი, 3 სექტემბერი: მეშახტეებთან განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, გადავუწყვიტეთ ადგილზე საკითხები და ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მათი მხრიდან იქნა წამოყენებული, იყო სწორედ ტურიზმის განვითარება";

ირაკლი ღარიბაშვილი, 17 აგვისტო: "გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილას უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა".

ირაკლი ღარიბაშვილი, 12 სექტემბერი: "ჩემი დავალებით მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ამუშვებს სპეციალურ პროექტებს, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული და ახალი ტურისტული ლოკაციების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია და ახალი ცენტრების შექმნა მოვახერხოთ"

ამ თემაზე პრემიერმინისტრის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამაც დააფიქსირა არაერთი მნიშვნელოვანი მოსაზრება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ქუთაისი ტორპედოს გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში, "ლიდერების სამჭედლოდ" ქცეული ოზურგეთი და სხვა.

ვაქცინაციის კამპანია

არაერთი შეხსენებისა და კრიტიკის შემდეგ აცრილი ღარიბაშვილის ერთ-ერთი უცვლელი მოწოდება წარდგენებისას ვაქცინაცია იყო. რა თქმა უნდა, მან არც ამ შემთხვევაში გაუშვა ხელიდან შანსი და წალკის მერობის კანდიდატის წადგენისას ფაიზერის ვაქცინის ჩამოტანაში საკუთარი წვლილი აღნიშნა.

"იმ დროისთვის, როცა მე დავინიშნე პრემიერმინისტრად, ვაქცინები არ ჩამოვიდა საქართველოში. მე გადავწყვიტე მაშინ, დავავალე კაბინეტს და დავიწყეთ პირდაპირ მწარმოებლებთან, მომწოდებლებთან მუშაობა. მაშინ კომუნიკაციაზე საერთოდ არავინ არ გამოდიოდა. კვირების განმავლობაში ელოდებოდნენ პასუხს იმეილით.

მე მქონდა ნაცნობობა ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერმინისტრობის დროს ჯანმოს გენერალურ დირექტორთან, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. მასთან მქონდა პირდაპირი კომუნიკაცია, მისი დახმარებით, მისი უშუალო კომუნიკაციით და შუამავლობით დავუკავშირდი ფაიზერის პრეზიდენტს, მწარმოებელი კომპანიის პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის ჩართულობით, ჩემს აპარატთან, ჩემს ადმინისტრაციასთან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, მაქსიმალურად დავაჩქარეთ პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი ფაიზერი საქართველოში", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისივე პროგნოზით, ამოცანა უნდა ყოფილიყო, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე ყოფილიყო აცრილი, თუმცა უკვე სექტემბრის ბოლოა და საქართველოში მხოლოდ 1 დოზით მილიონი ადამიანიც არ არის აცრილი.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი. აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი, ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც უკვე გადატანილი

ირაკლი ღარიბაშვილი (30 აგვისტო)

ფოტო: NCDC

აქვე აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში ხელისუფლების მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების ბანერები უფრო ხშირი იყო დედაქალაქშიც და რაიონებში, ვიდრე ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ბანერები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ამ ბილბორდებს "ვიღაცის დაკვეთით" სულ სხვა, "სისხლიანი" ბანერები გადააკრეს.

"არა ნაცებს!" ბანერებსა და წარდგენებზე

ღარიბაშვილის მიერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განმეორებული დაპირება იყო ის, რომ არ აპირებს შეწყვიტოს ნაციონალური მოძრაობისთვის წარსულის შეხსენება და პირიქით, აპირებს ენმ არ მოასვენოს იქამდე, სანამ პოლიტიკაში დარჩენის სურვილი ექნებათ. მეტიც, მან ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის ფრაზა გამოიყენა და განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას "სულს ამოხდის" დანაშაულების შეხსენებით.

"უკვირთ, როცა ჩვენ მათ [ნაციონალურ მოძრაობას] ამ დანაშაულებებს ვახსენებთ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შევახსენებთ. ყოველთვის, ყოველ დღე, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სულს ამოვხდით ამ შეხსენებებით. იმიტომ, რომ არასოდეს აღარ დაბრუნდება ის ბნელი დრო, როცა ასეთი მჩაგვრელი მასხარა მართავდა ქვეყანას სააკაშვილის სახით", — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

გარდა ამისა, ღარიბაშვილი 2008 წლის ომის ენმ-ს ხელისუფლებაზე დაბრალების კონტექსტში ყველა ჯერზე ხაზს იმას უსვამდა, რომ ქართული ოცნება ერთადერთი მთავრობაა, რომლის დროსაც ქვეყანაში ომი არ ყოფილა და მან ამ პერიოდს "გრძელვადიანი უწყვეტი მშვიდობა" უწოდა.

ირაკლი ღარიბაშვილი, 10 სექტემბერი: "რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, დღესაც ეს მჩაგვრელი, უნდა ითქვას პირდაპირ, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები იქნებოდნენ ჯერ კიდევ ხელისუფლების სათავეში";

ირაკლი ღარიბაშვილი, 11 სექტემბერი: "პოლიტიკური ძალა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიების 20% დაგვაკარგინა და ოკუპაცია დააკანონებინა რუსეთს, რა თქმა უნდა, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა".

ირაკლი ღრიბაშვილი(შინდისის გმირებზე საუბრისას), 11 ივნისი: "ერთი მხრივ, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ვაჩვენეთ, აჩვენეს ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას და მთელ მსოფლიოს, თუ როგორ უნდა შეეჭიდო ყველაზე, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ არმიას მსოფლიოში — რუსეთის არმიას, თავი გაწირო შენი ქვეყნის, შენი ხალხისთვის. და ამ დროს ჩვენდა სამარცხვინოდ, მართლაც ტრაგედია და სირცხვილია ჩვენი ყველასი, იმავე დღეს, 11 აგვისტოს, 13 წლის წინ, იმდროინდელმა პრეზიდენტად წოდებულმა, ბრჭყალებში მთავარსარდალმა გვაჩვენა სიმხდალის არნახული მაგალითი, ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი".

წინამორბედის დაპირებები

რადგანაც 2012 წლის არჩევნები ვახსენეთ, გავიხსენოთ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე პარტიის დამფუძნებლის დაპირებები.

უფასო ფულის შესახებ დღეს სასაცილოდ ქცეული სიტყვათშეთანხმება ნამდვილად სიტყვადშეთანხმებად დარჩა და ამას ლარის კურსიც ამტკიცებს.

"ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის 10-დან 20 წლამდე. არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფული", — თქვა ივანიშვილმა 2012 წელს.

აღსანიშნავია, რომ დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 3,1189 ლარს შეადგენს. ამის პარალელურად, მოქმედი პრემიერმინისტრი გვარწმუნებს, რომ ეკონომიკა დუღს.

პროდასავლური კურსი ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი დაპირება იყო, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ დასავლელი პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკას და მოწოდებებს ვისმენთ იმაზე, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას, თუმცა საპასუხოდ ქვეყნის პრემიერმინისტრი მაკროფინანსურ დახმარებაზე უარს "საგარეო ვალის შემცირების მიზნით ამბობს" და აცხადებს, რომ საქართველოში ეკონომიკა დუღს. აქვე აღსანიშნავია, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის წინაპირობა მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პირობების შესრულება იყო, ხოლო ევროკავშირის განცხადებით საქართველომ ეს პირობები ვერ შეასრულა.

"პატივს ვცემთ რა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი", — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა 31 აგვისტოს.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა წინასაარჩევნოდ, ასევე, დაპირება გასცა იმაზე, რომ მათი ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი იქნება და მას შემდეგ ქვეყანამ კლუბებში სპეცოპერაციები, გავრილოვის ღამე, არაერთი აქციის დაშლა, 5 ივლისი და ა.შ. გამოიარა.

შეუსრულებელი დაპირება

ყველას კარგად გვახსოვს მეორე ვადით მოსული პრემიერმინისტრის მიერ 2013 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის საკუთარი ხელით განადგურების კადრი. თუმცა ხალხი, რომელსაც ეგონა, რომ სახელმწიფო მათ პირად ცხოვრებაში უკანონოდ აღარ ჩაერეოდა, რამდენიმე დღეა სავარაუდო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ მოსმენების სერიას ადევნებს თვალყურს, რომლის ფრაგმენტების ნამდვილობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა, მოქმედმა ხელისუფალმა კი ეს ისევ, რა თქმა უნდა, წინა ხელისუფლებას დააბრალა.

ღარიბაშვილმა, ასევე, ყველა წარდგენაზე დააანონსა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში არჩევნები აღარ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი 2021 წლის არჩევნებს ისევ რეფერენდუმად მიიჩნევს. მეტიც, პრემიერმინისტრი სწორედ ამ პერიოდს უნიკალურად მიიჩნევს აღმშენებლობისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის, თითქოს გასული 9 წლის განმავლობაში აღმშენებლობას, განვითარებასა და წინსვლას მხოლოდ 7-ჯერ ჩატარებულმა არჩევნებმა შეუშალა ხელი.