პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას იმის მტკიცება დაიწყო, რომ ის კარგად არის და ხაზი გაუსვა, რომ მოშიმშილემ "ნახევარი კილოგრამი თაფლი არ უნდა ჭამოს". ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გავრცელებულ ინფორმაციებს "ცირკსა და შოუს" უწოდებს, რომლის მიზანი "ტემპერატურის აწევაა".

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარებაზე საუბრისას, ის რამდენჯერმე იმეორებს, რომ ინფორმაციას "სრული პასუხისმგებლობით" ავრცელებს.

"სრული პასუხისმგებლობით ამ ინფორმაციას გიზიარებთ, რომ ეს ცირკი და შოუ, რაც ვიხილეთ და რაც მიმდინარეობს ამ დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს — ეს არის პირადად პატიმარი სააკაშვილის დავალება, რომ მეორე ტურამდე, იციან რა, რომ მეორე ტურებშიც ყველგან დამარცხდებიან, რაიმენაირად ტემპერატურა აწიონ და საზოგადოებას მოაჩვენონ ისე, თითქოს პატიმარი სააკაშვილი არის მძიმედ ავად",— განაცხადა მან.

კითხვაზე, ამბობს, თუ არა პრემიერმინისტრი, რომ სააკაშვილი ავად არ არის, ის პასუხობს, რომ ამას არა თავად, არამედ პენიტენციური სამსახური ამბობს.

"გუშინ გაავრცელა განცხადება [უწყებამ], რომ ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე მის მდგომარეობას აკვირდებიან ძალიან კვალიფიციური ექიმები, აკონტროლებენ მის ჯანმრთელობას და დამაკმაყოფილებელი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ერთი. ამას გარდა, როდესაც ადამიანი აცხადებს რომ შიმშილობს, ნახევარ კილოგრამ თაფლს არ უნდა ჭამდეს. ამასაც სრული პასუხისმგებლობით გიცხადებთ", — განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა თქვა, რომ სააკაშვილმა თაფლის და წვენის მიღებაც შეწყვიტა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტი თაფლს საპყრობილის დაცვის თანამშრომლების რეკომენდაციით იყენებდა და თითო კოვზს ჩაიში დებდა.

კითხვაზე, საიდან იცის ღარიბაშვილმა, რომ სააკაშვილმა ამდენი თაფლი ჭამა, ის პენიტენციური სამსახურის გავრცელებულ განცხადებას იყენებს.

"შესაბამისმა სამსახურმა ამაზე ინფორმაციაც გაავრცელა, მან პირადად იყიდა საკუთარი ბარათით, საკრედიტო ბარათით, ბანკის ბარათით შვიდი კოლოფი თაფლი და ნახევარი კილოგრამი მიიღო თაფლი, აქედან გამომდინარე შეეშვით ამ ტყუილებს", — განაცხადა მან.

სააკაშვილი უკვე მე-11 დღეა შიმშილობს. გუშინ მისმა ექიმმა თქვა, რომ მდგომარეობა დამძიმდა, ექსპრეზდენტს უჭირს გადაადგილება და საუბარი. მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს ორ დღეში, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია. პასუხად პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სააკაშვილი ექიმების დაკვირვების ქვეშაა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს, 11 ოქტომბერს ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარმიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

გვარამიამ სააკაშვილის წერილიც გაავრცელა, სადაც ის ამბობს:

"მე ჩემის მხრივ ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მივაღწიო 30 ოქტომბრამდე და ჩემს წინასწარ გლოვას აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება", — ნათქვამია წერილში.