იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნა. მისი თქმით, იმისთვის რომ ამ ჯგუფმა სააკაშვილთან იმუშაოს თავად ექსპრეზიდენტის თანხმობაა საჭირო.

"ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, რომელმაც უკვე დღეს შეკრიბა ექიმები, და ბუნებრივია, ექიმების ჯგუფის ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე", — ამბობს ბრეგაძე.

დღეს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ შესახებ. შეხვედრას იუსტიციისა და ჯანდაცვის მინისტრებთან ერთად ესწრებოდნენ სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია და დეპუტატები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე.

იუსტიციის მინისტრის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთს რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი 13 დღეა შიმშილობს. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც ექიმი განმარტავს, ეს შიმშილობის გამო მოხდა და მას უჭირს საუბარი და მოძრაობა. პასუხად პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, როგორც მოშიმშილე, სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ და მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.

გარდა ამისა, 8 ოქტომბერს პენიტენციულმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა და დაწყებული აქვს საკვების მიღება. ამას უპასუხა სააკაშვილის ექიმმა და თქვა, რომ თაფლს მხოლოდ ერთ კოვზს იღებდა და ჩაიში აგდებდა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციაზე სპეკულაციების შემდეგ სააკაშვილმა თაფლის მიღებაც შეწყვიტა.

ამავე თემაზე: