საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, თუ სასიცოცხლო პარამეტრების შესანარჩუნებლად, სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელი გახდება, სააკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობა არ იქნება. თუმცა ადვოკატის თქმით, ხელისუფლებამ, შესაძლოა, ის არა კერძო კლინიკაში, არამედ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანოს.

"უნდა დაველოდოთ, ალბათ, კონსილიუმის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ, რაც ვიზიტს განახორციელებენ და შესაბამისად, გამოჩნდება, თუკი, სასიცოცხლო პარამეტრები შესანარჩუნებლად აუცილებელი გახდება კერძო კლინიკაში გადაყვანა ან საერთოდ საავადმყოფოში მოთავსება, ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ იქნება.

თუმცა აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების შიში, საზოგადოებამ არ ნახოს მიხეილ სააკაშვილი, აისახება ან ნაბიჯზე — არ არის გამორიცხული, ხელისუფლებამ უარი თქვას სტანდარტულად მიღებულ ფორმაზე, როდესაც კერძო კლინიკებში გადაჰყავთ პატიმრები და მაგალითად, ციხის საავადმყოფოში მოახდინონ მოთავსება", — განაცხდა მან.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს, ის მე-19 დღეა შიმშილობს. 13 ოქტომბერს, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, ასევე სახალხო დამცველსა და დეპუტატებს შორის უწყებათაშორისი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის.

15 ოქტომბერს სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ისაუბრა, რომ ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანი საჭიროება, ჯერჯერობით, არ იდგა. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად იცვლება, თუმცა მას "ძლიერი ორგანიზმი" აქვს. რაც შეეხება შიმშილობას, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ამ საკითხზე სააკაშვილს პოზიცია არ შეუცვლია.