ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, მის კონკურენტს, მმართველი გუნდის კანდიდატს, კახა კალაძეს ღია დებატებს სთავაზობს. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ თბილისის პრობლემებზე ისაუბროს, კალაძე "ზიზღის კამპანიაში გადაეშვა". იგივე პრეტენზია ჰქონდა კალაძეს მისი კონკურენტების, მათ შორის, ნიკა მელიას მიმართაც და ამბობდა, რომ წინასაარჩევნო პროგრამის ნაცვლად ის რეფერენდუმზე საუბრობდა.

"თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა. ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში — არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში — პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!", — წერს ნიკა მელია Facebook გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტურის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ნიკა მელიამ დატოვა. მან განაცხადა, რომ არ აპირებს ერთ სივრცეში ყოფნას ადამიანთან, რომელიც მართავს კრიმინალებს.

ამავე თემაზე: