ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს ციხის საავადმყოფოს ტიპს და მის შესაბამისობას კონსილიუმის დასკვნასთან. ტიკარაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს.

"რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ეს დაწესებულება არის AC ტიპის დაწესებულება. C ტიპის დაწესებულება [სტატუსი] ენიჭება კლინიკას იმ შემთხვევაში, როდესაც მაქვს აქვს გადაუდებელი საჭიროების მიღების შესაძლებლობა. ციხის საავადმყოფო არ საჭიროებს გადაუდებელი მიღების საჭიროებას, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას არ მიენიჭებოდა ეს ტიპი. თუმცა AC ტიპის დაწესებულება უკვე, თავის მხრივ, გულისხმობს იმას, რომ ამ კლინიკაში არის ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული, ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა, რომელიც მოშიმშილე პატიმარს ესაჭიროება", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

საკითხის განმარტება ტიკარაძეს ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა გუშინ, 24 ოქტომბერს, სპეციალური ბრიფინგისას სთხოვეს. ნიკა გვარამიამ ტიკარაძეს მიმართა მკაფიოდ განემარტა, არის თუ არა C კატეგორიის კლინიკა ციხის საავადმყოფო.

"ცალსახად უნდა თქვას, კი ან არა", — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს და შეისწავლოს, შეესაბამება თუ არა ე.წ. ციხის საავადმყოფო C კატეგორიის, მულტიფუნქციური კლინიკის სტანდარტებს.

იმავე დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შეისწავლეს მე-18 სამედიცინო დაწესებულება და განაცხადეს, რომ იგი სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს. ასევე, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

დღეს, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივ შეცდომა იყო. კონკრეტულად, ბრეგაძის თქმით, ციხის საავადმყოფოში ექიმ-რეანიმატოლოგი არის.

სახალხო დამცველის მიერ გუშინ მომზადებულ დასკვნაში წერია: "დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს".

ბრეგაძის ბრალდებას უპასუხა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. მისი თქმით, 24 ოქტომბერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავინ იცოდა, რომ იქ რეანიმატოლოგი ჰყავდათ. ბურჯანაძე ამბობს, რომ ციხის კლინიკაში რეანიმატოლოგი გუშინ დანიშნეს.