ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 1 თვეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა.

29 ოქტომბერს ექსპრეზიდენტმა თქვა, რომ ის უარს ამბობს ექიმთა კონსილიუმთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, ის აღარ ჩააბარებს ანალიზებსა და არ მიიღებს შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას.

"ვასრულებ ამ თანამშრობლობას, მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია", — აცხადებს ის.

მანამდე, 28 ოქტომბერს სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ადამიანებს თვითმკვლელობის უფლება აქვთ და სახელმწიფო ამაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ ხელისუფლებას მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები.

გაიგე მეტი:

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტობერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა.

ექსპრეზიდენტის ექიმი და ადვოკატები მის სათანადოდ აღჭურვილ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის აღჭურვილი იმ აპარატურით, რაც საჭიროა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისა და მკურნალობისთვის.

მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილი გლდანის ციხეში მკურნალობის კატეგორიულად წინააღმდეგია. ექიმის ცნობით, კონსილიუმი თანხმდება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი მრავალპროფილურ, მაღალი კლასის კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

სახალხო დამცველიც მიიჩნევს, რომ ციხის საავადმყოფო სრულად არ შეესაბამება ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციებს და ამასთან, არსებობს რისკები ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზეც.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებას არ აქვს გადაუდებელი მიღების შესაძლებლობა, ის სრულადაა აღჭურვილი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი მიიღოს. იგივე პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსაც.

რაც შეეხება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს, ის აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოში ყველა პირობა არის შექმნილი და ეს გადაწყვეტილება "არ გადაიხედება".