პარტია სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, ირაკლი გოგუაძემ შიმშილობა დაიწყო. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს და მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. გოგუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

"ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი მკვდარი პრეზიდენტი იქნება კატასტროფა, რომელსაც ვერასდროს ვეღარ გამოვასწორებთ. ეს იქნება ქვეყნის დანგრევა, ამიტომ ვითხოვ, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს ის საშიშროება, რომელიც ამ ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებით ან ფატალური შედეგით უდგას ქვეყანას და გამოიჩინოს კეთილი ნება და სასწრაფოდ გადაიყვანოს სამოქალაქო საავადმყოფოში, რათა არ დადგეს ის შედეგი, რაც ძალიან მალე აუცილებლად დადგება, გვინდა ეს ჩვენ თუ არა", — ამბობს ირაკლი გოგუაძე ფორმულასთან.

გუშინ ამავე მიზეზით შიმშილობა დაიწყო პარტია დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ. მისი თქმით, შიმშილობას არ შეწყვეტს მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი უკვე 35 დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.