დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პარლამენტის კარი "პოლიტიკური სურვილების მიხედვით" იღება და იხურება ხოლმე. ასე ეხმაურება ის ფაქტს, რომ პარლამენტში პოლიტიკოსები მის სანახავად არ შეუშვეს.

"არცერთი ადამიანი ვინც აქ შემოვა, ან მე, არ ვაპირებთ რაიმე სიტუაციის არევას. იმიტომ კი არა, რომ არ ამირევია, ან თუ საჭიროა არ ავრევ — არევაში ვგულისხმობ, პროტესტის სხვა ფორმას — უბრალოდ ვამბობ ახლა, რომ ეს არ არის ამოცანა, ეს პროტესტი არის აბსოლუტურად მშვიდობიანი და არა ვთქვათ, რამის ჩაშლა და ვინმესთვის ხელის შეშლა.

და მე ეს პირადად გადავეცი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კომუნიკაცია იყოს და რაც არ უნდა დაპირისპირება იყოს, სიტყვას აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? არ მინდა, რომ სიურპრიზების მოლოდინი ჰქონდეთ. მე რომ ვაპირებდე სტვენას, ან რაიმე სხვას, რაც გამიკეთებია ამ შენობაში, ნამდვილად არ დავმალავდი ამას.

ამიტომ გაუგებარია ეს შემოშვება-არშემოშვების რეჟიმი, მით უმეტეს, გოკა გაბაშვილს ნამდვილად ეკუთვნის შემოსვლა და ჩვენ ვხედავთ, რომ პარლამენტის კარი პოლიტიკური სურვილების მიხედვით იღება და იხურება ხოლმე", — განაცხადა ხოშტარიამ ფორმულას ეთერში.

დღეს პოლიტიკოსი, გოკა გაბაშვილი და ლელოს წევრი გრიგოლ გეგელია პარტია დროას დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. როგორც გაბაშვილმა თქვა, სპეციალური საშვი უკვე აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, საკანონდმებლო ორგანოში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა გუშინ, 3 ნოემბერს დაიწყო. მისი თქმით, შიმშოლობას არ შეწყვეტს, მანამ, სანამ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

იმავე მიზეზით დღეს, 4 ნოემბერს, სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, ირაკლი გოგუაძემ დაიწყო შიმშილობა. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად შიმშილობს და მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს. გოგუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რა შედეგები მოჰყვება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

საპატიმროში მიხეილ სააკაშვილი უკვე 35-ე დღეა შიმშილობს. მან შიმშილობა დაკავების დღიდან გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა შიმშილობა დაიწყო, ექიმები აღნიშნავენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია. მხარდამჭერები და თანაგუნდელები სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.

პოლიტიკური პარტიები, ორგანიზაციები, სამედიცინო მუშაკები ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებენ. თუმცა ქართული ოცნება ამაზე უარს ამბობს. ხელისუფლების განცხადებით, პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილია ყველა პირობა იმისთვის, რომ პატიმარს უმკურნალონ. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სწორედ ციხის სამედიცინო განყოფილებაში გადაიყვანენ. ამის წინააღმდეგია ექსპრეზიდენტი და ამბობს, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, უარს აცხადებს ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.