საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება. როგორც პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა, დეკემბრიდან მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებებში მწვანე პასპორტების გარეშე ვეღარ შევლენ, თუმცა ეს გავრცელდება დაწესებულებების სტუმრებზე და არა იქ მომუშავე პერსონალზე.

ეს დაწესებულებებია:

  • კვების ობიექტები;
  • რესტორნები;
  • კაფეების და ბარების ღია და დახურული სივრცეები;
  • კინოთეატრები;
  • თეატრები;
  • ოპერა;
  • მუზეუმები;
  • საკონცერტო დარბაზები;
  • გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები;
  • სპა-ცენტრები;
  • ფიტნეს-დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტები — საბაგირო გზებზე.

მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პრემიერმინისტრის განმარტებით, პირს მწვანე სტატუსი აქვს:

  • თუ ის ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ეს არ გავრცელდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და მაღაზიებზე.

"საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში და ისეთ სერვისებში, რაც არის აუცილებელი, ბაზისური სასიცოცხლო მოთხოვნა — ადამიანი უბრალოდ საყოფაცხოვრებო საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს იმის გარეშე, თუ არ შეიძინა პროდუქტი — ასეთ ადგილებში მწვანე საშვის პასპორტი ჯერჯერობით არ ამოქმედდება" — განმარტა გაბუნიამ.

გაიგეთ მეტი: