იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში შეყვანის კადრების გავრცელებამდე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ ისინი ცდილობენ "აღასრულონ სამართალი და დაიცვან პატიმრის უფლებები". ამასთან, მინისტრის თქმით, მათი ინტერესია ყველა პატიმრის ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა.

"მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი სისტემის ყველა თანამშრომელს, რომელიც ესოდენ მაღალი კვალიფიციურობით ასრულებს თავის მოვალეობას, ცდილობს აღასრულოს სამართალი და დაიცვას პატიმრის უფლებები", — აცხადებს ბრეგაძე.

კადრების გავრცელებამდე ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადება ექსპრეზიდენტის მე-18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და იმის შესახებ, რომ სხვა პატიმრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, ვინ მიიყვანეს რეანომობილით, სიცრუეა და ამ სიცრუეს "სულ რამდენიმე წამში" ამხელენ.

"ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რომელსაც სულ რამდენიმე წუთში ვამხელთ და ნათლად გამოჩნდება, თუ სად გაჩერდა რეანომობილი, რომლითაც გადავიყვანეთ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში. ნათლად დაინახავს ამას საზოგადოება და ეს არის გაჩერებული დაწესებულების კარებთან, სადაც მას ვერავინ დაინახავდა", — განაცხადა ბრეგაძემ.

პენიტენიცურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

თავდაპირველად, ვიდეოში ვხედავთ, რომ ექსპრეზიდენტი ათამდე ბადრაგმა სასწრაფო დახმარების მანქანიდან იძულებით, მისი სურვილის წინააღმდეგ გამოიყვანეს შენობაში და შემდეგ ლიფტში, ასევე, ძალის გამოყენებით, ხელში აყვანილი შეიყვანეს, რა დროსაც მას ტანსაცმელი თითქმის გახდილი აქვს. ექსპრეზიდენტი ციხის საავადმყოფოს პალატაში უკვე წელზევით შიშველი შეჰყავთ და პირდაპირ იატაკზე სვამენ. ვიდეოს არ აქვს ხმა, თუმცა ჩანს, რომ უკვე პალატაში სააკაშვილი ჩხუბობს და სამედიცინო ხელსაწყოს იატაკზე აგდებს. სიტყვიერი დაპირისპირების დროს, კადრებში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში მყოფი პირისკენ გაიწია, თუმცა ხელი არ დაურტყამს.

მას შემდეგ, რაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში გადაიყვანეს, მისი წერილი გავრცელდა, სადაც იქ შეყვანის დეტალებს აღწერს. სააკაშვილის თქმით, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, იძულებით შეიყვანეს გლდანის მე-18 დაწესებულებაში, კრიმინალების გინების ქვეშ გაათრიეს მიწაზე, ჩაარტყეს კისერში, ათრიეს თმებით, რა დროსაც წინააღმდეგობა გაუწია.

"გაფრთხილების გარეშე დაიწყეს ჩემი გადმოთრევა, მიუხედავად ჩემი კატეგორიული უარისა. გადმომათრიეს მანქანიდან, კრიმინალების გინების ქვეშ, გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და რა თქმა უნდა ამ დროს გავუწიე წინააღმდეგობა", — წერდა სააკაშვილი.