ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა.

"აქვე მინდა მივმართო ელენე ხოშტარიას უდიდესი პატივისცემითა და მადლიერებით ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი ", — აღნიშნულია მის წერილში.

სააკაშვილის განცხადებით, ის ითვალისწინებს სტრასბურგის სასამართლოსა და დასავლელი პარტნიორების მოწოდებას და როგორც კი გადაიყვანენ სათანადო დაწესებულებაში, შიმშილობას შეწყვეტს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას ექსპრეზიდენტის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა დაავალოს.

სტრასბურგის სასამართლომ, მხარეთა ინტერესების შესაბამისად და სასამართლო პროცედურების სწორად წარმართვისთვის, სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე, გადაწყვიტა, რომ მთავრობამ უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება ციხეში და ზოგადად, ასევე, გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება შიმშილობის შემდეგ გამოჯანმრთელების დროს.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას გაურკვევლობა მოყვა, რაც გუშინ, 10 ნოემბერს იუსტიციის მინისტრის განცხადებამ გამოიწვია. კერძოდ, ბრეგაძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა, რომ სტრასბურგმა არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. გუშინვე სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განმარტა, რომ მათი სარჩელი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას და სასამართლომ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების შესახებ. მისივე თქმით, სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ეს მხოლოდ კერძო კლინიკაშია შესაძლებელი.

გაიგეთ მეტი: