ორგანიზაცია Amnesty International აცხადებს, რომ მიუღებელია თავდასხმები სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ. ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებამ არ უნდა შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა. ასე ეხმაურება ორგანიზაცია ქართული ოცნების ლიდერების მიერ ნინო ლომჯარიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

"საქართველოს სახალხო დამცველზე თავდასხმები, როდესაც ის ადამიანის უფლებებს იცავს, მიუღებელია. ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა. ასევე, უნდა შეასრულოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა", — ნათქვამია განცხადებაში.

17 ნოემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნა. მათი შეფასებით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ექიმების დასკვნის მიხედვით, ამ პირობებს მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

ამ დასკვნის შემდეგ ქართული ოცნების დეპუტატები სახალხო დამცველს და მთლიანად ექიმების ჯგუფს აკრიტიკებენ. მათ შორისაა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მან თქვა, რომ თუ ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის "ფეიკ" დასვკნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საფუძველი გახდება და ამას მოყვება ის სცენარი, "რომლისაც ეშინიათ", შესაძლოა, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, კონკრეტული ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ამასთან, ბექა დავითულიანის აზრით, ნინო ლომჯარია პოლიტიკურ პროცესში "ცოტა სხვა მხარეს" არის გადახრილი. სოზარ სუბარის განცხადებით, კი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი იმაზე მეტჯერ ინახულა, ვიდრე ყველა სხვა პატიმარი ოთხი წლის განმავლობაში.

ქართული ოცნების წევრები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ხშირად ადანაშაულებენ პარტიულობასა და მიკერძოებულობაში მათდამი კრიტიკული განცხადებების გამო. ამ მხრივ ყველაზე მეტად გამოირჩევა პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. 25 ოქტომბერს მან განაცხადა, რომ ნინო ლომჯარია ნაციონალური მოძრაობის "ერთ-ერთ რიგით აქტივისტად აქციეს". ამასთანავე, კობახიძე პოლიტიკურად მიკერძოებულს უწოდებს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა ჯგუფის წევრებსაც.